თბილისი (GBC) - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველი ფაზის დასრულება და პირველი გემების მიღება 2029 წლისთვისაა დაგეგმილი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ოთხშაბათის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ტალღმტეხის მშენებლობა და ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოები.

„ანაკლიის პორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება, ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით ამ პორტის განვითარების შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ ძირითად საბაზისო ინფრასტრუქტურას განავითარებს სახელმწიფო, მასზე საკუთრების უფლება ექნება სახელმწიფოს და შემდეგ ტერმინალები უკვე გადანაწილდება საოპერაციოდ სხვადასხვა პარტნიორზე, ქვეყანასა თუ კომპანიაზე. ამან გამოიწვია ინტერესის სერიოზული, ფუნდამენტური ზრდა ანაკლიის პორტის მიმართ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებული კონტრაქტი, ოპტიმიზაციის შედეგად, $51 მლნ-ით შემცირდა. $204 მლნ-დან 153 მილიონ დოლარამდე, რაც სავსებით საკმარისია შესაბამისი სამუშაოების განსახორციელებლად.

ამასთან, პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ უკვე დასრულდა ნავსადგურამდე მისასვლელი 18-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის პროექტირება. მსოფლიო ბანკმა გამოაცხადა ბაზრის კვლევა და თვის ბოლომდე ტენდერი გამოცხადდება.

ირაკლი კობახიძის თქმით, საზღვაო სექტორში სერვისების გაციფრულების შედეგად, გემების მიღების პროცედურები 24 საათიდან 1 საათამდე შემცირდა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ნავსადგურებში ტვირთნაკადის 30%-იან ზრდას.