თბილისი (GBC) – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს გავლით აქციზური მარკის სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სამედიცინო მედიკამენტების გადაზიდვის ფაქტი აღკვეთეს.
დადგინდა, რომ ს.გ.პ. ,,წითელი ხიდის" კონტროლის ზონაში საქართველოდან აზერბაიჯანის მიმართულებით, ექსპორტის პროცედურით გადაადგილდებოდა შაქრით დატვირთული 3 სატვირთო ავტომობილი. უფლებამოსილი პირების მიერ, რისკის შეფასების/ანალიზის შედეგად, მოხდა აღნიშნული სატვირთო ავტომობილების შეჩერება და ერთ-ერთი მათგანის დეტალური დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ - 100 000 კოლოფი სიგარეტი ,,MILANO" და 1 114 ცალი სხვადასხვა დასახელების სამედიცინო მედიკამენტი.
დეკლარირებას დაქვემდებარებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულებამ 575 000 ლარი შეადგინა, ხოლო მედიკამენტების ღირებულებამ 485 ათას ლარს გადააჭარბა. საერთო ჯამში აღნიშნული არადეკლარირებული საქონლის საერთო ღირებულებამ 1 060 000 ლარზე მეტი შეადგინა.
გამოძიებას აწარმოებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
