თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $17.9 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი $5.42 მლრდ-ს შეადგენს (გაიზარდა 22.1%-ით), ხოლო იმპორტი $12.5 მლრდ-ს (გაიზარდა 3.4%-ით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-აგვისტოში $7 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.5%-ია.

2026 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 68.8% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

  • ყირგიზეთი - $577.6 მლნ
  • ჩინეთი - $543.7 მლნ
  • რუსეთი - $500.7 მლნ

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.2% შეადგინა. პირველ სამეულში შედის:

  • თურქეთი - $1.9 მლრდ
  • რუსეთი - $1.5 მლრდ
  • აშშ - $1.5 მლრდ

2026 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 65.7% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:

  • თურქეთი - $2.24 მლრდ
  • ჩინეთი - $2 მლრდ
  • რუსეთი - $2 მლრდ

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა $1.34 მლრდ-ით, რაც მთელი ექსპორტის 24.9%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები $688.9 მლნ-ით (მთლიანი ექსპორტის 12.7%), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $403.1 მლნ-ით (7.4%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა $2.36 მლრდ და მთელი იმპორტის 18.9% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები $1.16 მლრდ-ით (იმპორტის 9.3%), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები $468.4 მლნ-ით (იმპორტის 3.7%).