თბილისი (GBC) - მოსკოვი გეგმავს ათობით ათასით გაზარდოს იმ საბრძოლო დრონების წარმოების სიმძლავრე, რომლებსაც იგი უკრაინის ქალაქებზე იერიშებისთვის იყენებს. გამოცემა Politico-ს მიერ მოპოვებული რუსული სახელმწიფო კორპორაციის შიდა დოკუმენტების თანახმად, თათრეთის რეგიონში მდებარე „როსატომის“ ქარხანა „ალაბუგა-ვოლოკნო“ (Alabuga-Volokno) მასშტაბურ გაფართოებას იწყებს, რაც მოსკოვს საშუალებას მისცემს 2029 წლისთვის ყოველწლიურად დამატებით 500 ტონა სამხედრო დანიშნულების ავიაკოსმოსური ნახშირბადის ბოჭკო აწარმოოს.

ნახშირბადის ბოჭკო საკვანძო მასალაა დრონის კორპუსისა და შიდა კონსტრუქციების სიმტკიცისა და სიმსუბუქის უზრუნველსაყოფად.

ექსპერტების შეფასებით, კარბონის წარმოების ეს ზრდა რუსეთს საშუალებას მისცემს, წელიწადში დამატებით 28 000 ერთეული „გერანის“ ტიპის (რომელიც ირანულ „შაჰედს“ ეფუძნება) საბრძოლო დრონი აწარმოოს. ეს არსებული წარმოების 78%-იან ზრდას ნიშნავს, ამჟამად უკრაინის ოფიციალური შეფასებით, რუსეთს წელიწადში 36 000-ზე მეტი კამიკაძე დრონის გამოშვება შეუძლია.

ბიზნეს-გეგმები, საპროექტო ნახაზები და ტექნიკური დოკუმენტაცია თავდაპირველად უკრაინის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ცენტრმა (USCC) მოიპოვა. დოკუმენტების ავთენტურობა დაადასტურეს როგორც უკრაინის მთავრობამ, ისე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპეციალურმა კომიტეტმა.

თანამგზავრული ფოტოების ანალიზი აჩვენებს, რომ „ალაბუგა-ვოლოკნოს“ არსებული ქარხნის მიმდებარედ გამოყოფილი ტერიტორია სამშენებლოდ უკვე გაწმენდილია და ახალი საწარმოს საძირკვლის მომზადება მიმდინარეობს. ვაშინგტონში ბაზირებული „მეცნიერებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტის“ (ISIS) დამფუძნებლის, დევიდ ოლბრაითის განცხადებით, პროექტის 2027-2029 წლებში დასასრულებლად რუსეთს სწრაფი ტემპით მშენებლობა სჭირდება.

გარდა ამისა, დოკუმენტები აჩვენებს, რომ „როსატომი“ გეგმავს ააგოს თანამედროვე PAN-ქარხანა (პოლიაკრილონიტრილი - კარბონის დასამზადებელი ქიმიური პრეკურსორი), რათა შეამციროს ჩინეთიდან იმპორტზე დამოკიდებულება და წარმოება სრულად გადაიტანოს ქვეყნის შიგნით.

ქარხანა „ალაბუგა-ვოლოკნო“ და მისი მშობელი კომპანია UMATEX სანქცირებულია დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების მიერ. მიუხედავად ამისა, ირკვევა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში საწარმომ ჩინური სახელმწიფო კორპორაციიდან შენიღბული გზით მიიღო 46 ტონა ნახშირბადის ბოჭკოს ქიმიკატები. ვაშინგტონში ჩინეთის საელჩომ განაცხადა, რომ არ ფლობს ინფორმაციას გაფართოების გეგმებზე და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტს მკაცრად აკონტროლებს.

სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კამიკაძე დრონები მოსკოვს საშუალებას აძლევს განახორციელოს მასირებული იერიშები უკრაინის ღრმა ზურგში მდებარე ობიექტებზე და გადატვირთოს საჰაერო თავდაცვის სისტემები.

თუმცა, USCC-ის ხელმძღვანელის, სერჰი კუზანისა და ვაშინგტონის CSIS-ის ექსპერტების შეფასებით, ალაბუგას სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში დრონების წარმოების გაფართოება ცდება მხოლოდ უკრაინის ფრონტის მასშტაბებს. ეს არის გრძელვადიანი გამოწვევა მთელი ევროპისთვის. რუსეთი უკვე იყენებს რეაქტიული ძრავის მქონე გაუმჯობესებულ დრონებს და ამოწმებს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის (მათ შორის პოლონეთისა და რუმინეთის) რეაგირებას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ კრემლი ევროპასთან გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის ემზადება.