თბილისი (GBC) – საბანკო სექტორმა 200 000 მომხმარებელი დაკარგა. კრედიტ ინფოს მონაცემებით, ბანკების აქტიურ მსესხებელთა რაოდენობა 1.6 მლნ-მდეა შემცირებული ( L/Y – 1,8 მლნ), თუმცა მაინც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი გამოდის.
კრედიტინფო საქართველოს მონაცემებით, სესხების საერთო მოცულობა 34.9 მლრდ ლარია. აქედან კომერციულ ბანკებზე 31.8 მილიარდი ლარი მოდის (91%). დარჩენილი თანხა კი სხვა საფინანსო ინსტიტუტებზე ნაწილდება.
1 წლამდე ვადაგადაცილება 81 535 პირს უფიქსირდება (L/Y -> 107 000). მსესხებლებში მოიაზრება როგორც ფიზიკური, ისევე იურიდიული პირი. 3–წლიან ვადაგადაცილებაშია 136 300 მსესხებლის (L/Y – 230 000) 239 000 კრედიტი.
გამოდის, რომ მსესხებლების თითქმის 8%-ს ვალის მომსახურება უჭირს. შარშან ამ კატეგორიაში მსესხებლების 13% ხვდებოდა.
კრედიტ ინფოში ამ დროისთვის 3 მლნ ლარამდე მოცულობის სესხები აღირიცხება. სებ-ის ახალი რეგულაციით, რომლის თანახმად სესხის გამცემი თუ ვალდებული იყო კლიენტის 3 მლნ ლარის ვალდებულებაზე წარედგინა ინფორმაცია კრედიტინფოში, 13 ოქტომბრიდან 10 მლნ ლარამდე მოცულობის თანხის ფარგლებში მოუწევს.
კიდევ ერთი ცვლილებაა: ვალდებულებების მიმღებ/დამმუშავებელ/შემნახავ ბიუროში ინფორმაცია მოგროვდება ფულად გზავნილებზეც. თუმცა მას ბანკი კრედიტინფოს მხოლოდ ბენეფიციარის თანხმობით გადასცემს. შემდეგ კი, უკვე, კრედიტინფოში კიდევ ერთი დამატებითი თანხმობა გახდება საჭირო. როცა/თუ გზავნილის მიმღები პირი რომელიმე ბანკში სესხის ასაღებად მივა.
კრედიტინფო 21 ოქტომბერს აქციონერებს რიგგარეშე კრებას მოიწვევს და ბოლო რეგულაციებს განიხილავს. ასევე საბჭოში დამოუკიდებელ წევრს დაამატებს. არჩევანს სებ-თან შეათანხებს.