თბილისი (GBC) – კრემლი გაიძახის, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქ ბახმუტში „მისია შესრულებულია“, კიევი კი ირწმუნება, რომ ქალაქი სრულად არ დაცემულა. მაგრამ, ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლების ამ ზონაში ომი შეწყდება, რა მოხდება შემდეგ, არავინ იცის.

ბახმუტი მთლიანად ნანგრევებადაა ქცეული და მისი აღება რუსეთს უფრო მსხვილი გეგმების განხორციელებაში – უკრაინის მთელი აღმოსავლეთის დაპყრობაში ვერ დაეხმარება. უკრაინის ჯარებმა რუსეთის ძალები დაქანცეს და ქალაქის ჩრდილოეთით და სამხრეთით რუსების დაცვის ხაზებიც გაარღვიეს.

უკრაინელი ოფიციალური პირები საუბრობენ, რომ ახლა რუსეთის ჯარების დაბომბვას აპირებენ, რომლებიც ბახმუტში არიან შესული. სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ თუ რუსეთი შეეცდება ბახმუტის გასამაგრებლად დამატებითი ძალების გადასროლას, ის ვეღარ შეძლებს უფრო ფართო ფრონტზე კონტრშეტევის შეკავებას, რომლის წამოწყებას უკრაინელები დღე–დღეზე აპირებენ.

„თქვენ უნდა გაიგოთ, რომ იქ აღარაფერია“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განადგურებული ქალაქის შესახებ, რომელშიც ომამდე 80 000 ადამიანი ცხოვრობდა. მანვე დასძინა: „ამ სივრცეში არაფერი დარჩა, მხოლოდ მიწა და ბევრი მკვდარი რუსი“.