თბილისი (GBC) – რუსეთის ბელგოროდის მხარის გრაივორონის ოლქი ორშაბათს დილის 9 საათიდან იბომბება, ნათქვამია ადგილობრივი ხელისუფლების საიტზე.

აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვიც ადასტურებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საბრძოლო მოქმედებები სოფელ კოზინკაში მიმდინარეობს, სადაც კერძო სახლებს ხვდება ჭურვები. ერთ–ერთ უკრაინულ ტელეგრამ არხზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გაიარა უკრაინულმა ტანკმა რუსეთის „გრაივორონის“ საკონტროლო გამშვები პუნქტი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასაზღვრო პუნქტი დილიდან იბომბებოდა და შემდეგ მის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიარაღებული შეტაკებაც მოხდა. ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება.

რუსული მხარე ავრცელებს ინფორმაციას, რომ „გრაივორონთან“ ბრძოლები მიმდინარეობს რუს მოხალისეებსა და რუსებს შორის. ამ ტერიტორიაზეა განლაგებული რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე–12 მთავარი სამმართველოს ბაზა.

ბელგოროდის გუბერნატორმა განაცხადა, რომ გრაივორონის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების დივერსიულ–სადაზვერვო ჯგუფები შევიდნენ.