თბილისი (GBC) - სამხრეთ კორეის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის მიმდებარე წყლებში ქვეყნის კუთვნილი 26 გემი და ეკიპაჟების 183 წევრი რჩება. ამის შესახებ AP წერს.
სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა პაკ ილმა სამშაბათს განაცხადა, რომ ოფიციალური პირები მჭიდრო კონტაქტზე არიან მეზობელი ქვეყნების პორტებთან, რათა ხელი შეუწყონ საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების მიწოდებას ეკიპაჟებისთვის.
პაკის თქმით, სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, ისინი გეგმავენ დამატებითი, ჯერჯერობით დაუკონკრეტებელი ზომების მიღებას.
AP წერს, რომ სამხრეთ კორეა სიფრთხილეს იჩენს აშშ-ის იმ ძალისხმევის მხარდაჭერის საკითხზე, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნას ისახავს მიზნად. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე მთავრობას, მათ შორის სეულს, სამხედრო-საზღვაო რესურსების განლაგებისკენ მოუწოდა.
„მთავრობა შეინარჩუნებს მჭიდრო კომუნიკაციას ამერიკულ მხარესთან და განახორციელებს საკითხის დეტალურ და ფრთხილ განხილვას სხვადასხვა ფაქტორისა და რეგიონში ცვალებადი სიტუაციის გათვალისწინებით“, - განაცხადა პაკმა.