თბილისი (GBC) – სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა დაბა ხულოში (მამულაძის ქ. N5) ლიმონათის არალეგალური საწარმო გამოავლინეს.

"მცირე მეწარმე რ. ჯ. საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე; გეგმური ინსპექტირების შედეგად საწარმოში გამოვლინდა ასევე კრიტიკული შეუსაბამობები: ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხეები. გარდა ამისა, დაფიქსირდა ლიმონათის ეტიკეტირების წესის დარღვევა", - ნათქვამია სეს-ის განცხადებაში.

აღნიშნული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი. მეწარმე საქმიანობის გაგრძელებას შეუსაბამობების აღმოფხვრისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ შეძლებს.