თბილისი (GBC) - საცალო ქსელებისთვის პროდუქციის მწარმოებლისგან პირდაპირ შეძენა გაცილებით მომგებიანია, ვიდრე სადისტრიბუციო კომპანიებთან თანამშრომლობა, რადგან დისტრიბუტორების ფასნამატი პროდუქტს მნიშვნელოვნად აძვირებს. ამის შესახებ „გუდვილის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხაბაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი კომისიის რიგით მეექვსე სამუშაო შეხვედრა იმართება, სადაც ამჯერად ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს უსმენენ.

გიორგი ხაბაშვილმა მაგალითისთვის „ორი ნაბიჯის“ შემთხვევა მოიყვანა, რომელმაც ზეთის პირდაპირი იმპორტი განახორციელა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებამ ფასებს შორის მკვეთრი განსხვავება გამოიწვია.

„მაგალითად, „ორმა ნაბიჯმა“ ზეთი პირდაპირ მწარმოებლისგან შემოიტანა, რის გამოც პროდუქტი დახლზე 25-30%-ით უფრო იაფი იყო, ვიდრე სხვა მომწოდებლები ჩვენ გვაწვდიდნენ. მე თვითღირებულებაშიც რომ გამეყიდა ის ზეთი, მაინც 25%-ით უფრო ძვირი ვიქნებოდი ჩემს დახლზე“, - განაცხადა ხაბაშვილმა.

მისივე თქმით, თუ ქსელი პროდუქტს მომწოდებლისგან მაღალ ფასად იღებს, ეს ბიზნესგარიგებაა, თუმცა მომხმარებლისთვის უკეთესი ფასის მისაღწევად გამოსავალი სწორედ დამოუკიდებელ იმპორტშია.

ფასების შემსწავლელმა კომისიამ უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა, სადაც მოუსმინეს:

  • ადგილობრივ მწარმოებლებს (კვერცხის, რძის, ხორცპროდუქტების, პურპროდუქტების და სხვა)
  • საშუალო იმპორტიორ-დისტრიბუტორებს (რომელთა ბრუნვა 100 მლნ ლარზე ნაკლებია)
  • მსხვილ სადისტრიბუციო კომპანიებს

ამჟამად მიმდინარეობს საოპერაციო პროცესებისა და ფასწარმოქმნის ჯაჭვის დეტალური განხილვა საცალო ოპერატორებთან ერთად. კომისია მუშაობას, სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე დაასრულებს, რის შემდეგაც ცნობილი გახდება კონკრეტული დასკვნები ბაზარზე არსებულ საფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით.