თბილისი (GBC) – საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში ბენჟამენ ჰადადიმ ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე მკაცრი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო დე ფაქტო გაყინულია.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო გაწევრიანების გზაზე ჩამორჩება. ჰადადის განცხადებით, ეს არის შედეგი იმ რეპრესიებისა და არალიბერალური ნაბიჯებისა, რომლებსაც ხელისუფლება სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებს.

„ჩვენ „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და გააუქმოს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანაში გამოხატვის უფლებას ზღუდავს. თუ მას ევროკავშირის გზაზე დაბრუნება სურს, მან ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს“, - აღნიშნა ჰადადიმ.

საფრანგეთის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებზეც. მან დაადასტურა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი გაყინულია და ქვეყანა წინ ვერ წავა, ვიდრე მმართველი გუნდი რეპრესიულ პოლიტიკას არ დაასრულებს.

კითხვაზე, რომელიც მიზნობრივ სანქციებს ეხებოდა, ჰადადიმ განაცხადა: „მიზნობრივი სანქციები, კერძოდ სავიზო შეზღუდვები, უკვე დაუწესდა იმ პირებს, რომლებიც რეპრესიებთან არიან კავშირში. სავიზო საკითხი ევროპული საბჭოს წევრი ქვეყნების მიერ განიხილება და ეს არის მიმართულება, სადაც ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად შეგვიძლია უფრო შორს წავიდეთ“.

მისივე თქმით, საფრანგეთის მხარდაჭერა მიმართულია ქართველი ხალხის ლეგიტიმური არჩევანისკენ, რომელსაც, მისი შეფასებით, მმართველმა პარტიამ „უღალატა“.