თბილისი (GBC) - ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ევროპელმა დიპლომატებმა საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებები გააკეთეს. მინისტრების შეფასებით, ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით მდგომარეობა უარესდება, რაც ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი აღარ მიმდინარეობს და აქცენტი დემოკრატიის გადარჩენაზეა გადატანილი.

„ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, ვსაუბრობთ გადარჩენის გზებზე. ღრმად ვართ შეშფოთებულნი იმით, რაც საქართველოში ხდება“, - აღნიშნა მან.

ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ბაიბა ბრაჟემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში სიტუაცია არ გაუმჯობესებულა.

„ვიცით, რა სურს ქართველ ხალხს და რას იმსახურებენ, მაგრამ მათი მთავრობა ნამდვილად არ არის დაინტერესებული ევროპული გზით“, - განაცხადა ბრაჟემ. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ხალხი სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს ქვეყნის წინსვლისთვის.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი და რუმინელი კოლეგა ოანა-სილვია ტოიუ ასევე გამოეხმაურნენ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ ბოროტად გამოყენებას და დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვის აუცილებლობას. რუმინეთის წარმომადგენელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ენერგოუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის კუთხით.