თბილისი (GBC) – უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ, ორშაბათს ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას მკაცრად გააკრიტიკა ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომელიც ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმებას ეხება. მინისტრმა აღნიშნულ ნაბიჯს „სიგიჟე“ უწოდა.

სიიარტოს განცხადებით, ევროკავშირი ორმაგ სტანდარტებს იყენებს და დემოკრატიის საფრთხეზე მხოლოდ მაშინ საუბრობს, როდესაც არჩევნებში პატრიოტული ძალები იმარჯვებენ. „სულელებად ნუ ჩაგვთვლიან, ჩვენ ამას ძალიან კარგად ვხედავთ: თუ პატრიოტები იგებენ არჩევნებს, ევროკავშირი ამბობს, რომ დემოკრატია საფრთხეშია, ხოლო ლიბერალების გამარჯვების შემთხვევაში, რომ დემოკრატია საუკეთესო ფორმაშია“, - აღნიშნა მან.

უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მთავრობას და აღნიშნა, რომ პატივს სცემს მათ პატრიოტულ პოლიტიკას. მან ასევე დაადასტურა, რომ შაბათ-კვირას ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC), საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდებიან.

ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე სიიარტომ უპასუხა, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა და ხალხმა მიმართულება თავად აირჩია. მისივე თქმით, თავად აქციების არსებობა სწორედ იმის დასტურია, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა.