თბილისი (GBC) – „ოპოზიციურმა ალიანსმა“ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა წარადგინა. პარტია „დროას“ წარმომადგენლის, გიგა ლემონჯავას განცხადებით, ანგარიშმა საერთაშორისო ასპარეზზე ახალი რეალობა შექმნა, სადაც არსებული რეჟიმი „არალეგიტიმურთან ერთად, ბრალდებულად“ არის მიჩნეული.

ალიანსი მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ოთხი ძირითადი მიმართულებით აპირებს მუშაობას:

  1. გაეროს ჩართულობა: ოპოზიცია კოორდინაციას იწყებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს წარმომადგენელთან, რათა მან თავისი მანდატის ფარგლებში საქართველოში ვითარების ადგილზე ინსპექტირება განახორციელოს.
  2. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია (OPCW): ალიანსი მიმართავს საერთაშორისო პარტნიორებს, რათა ორგანიზაციამ დაიწყოს გამოძიება საქართველოში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტებზე, რაზეც „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშშია მითითებული.
  3. უნივერსალური იურისდიქცია და საფრანგეთის მიმართულება: ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა, ოპოზიცია გეგმავს აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთის პროკურატურასთან, რათა მის წინააღმდეგ სისტემური წამებისა და სხვა დანაშაულების მუხლით გამოძიება ეროვნულ დონეზე დაიწყოს.
  4. ჰააგის ტრიბუნალი: ოპოზიცია მუშაობს პარტნიორებთან, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) პროკურორის ოფისმა, ბელარუსის პრეცედენტის მსგავსად, დაიწყოს გამოძიება საქართველოში ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით.

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ თითქმის 200-გვერდიანი ანგარიში 12 მარტს გამოქვეყნდა. მასში დეტალურად არის აღწერილი 2024 წლიდან საქართველოში არსებული დემოკრატიული უკუსვლა, რეპრესიული კანონმდებლობა და ადამიანის უფლებების დარღვევები. მექანიზმი ეუთოს წევრმა 24-მა ქვეყანამ იანვარში აამოქმედა.

შეგახსენებთ, რომ „ოპოზიციის ალიანსი — ერთობა ერთად გამარჯვებისთვის!“ 2 მარტს 9 პროდასავლურმა პარტიამ დააფუძნა, რომელთა მიზანი ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის აღდგენაა.