თბილისი (GBC) - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ორშაბათს, ბელარუსის ვიცე-პრემიერ იური შულეიკოს შეხვდა. პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორმხრივი პარტნიორობის აქტუალურ საკითხებზე, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის როლს სტაბილური, პროგნოზირებადი და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის თვალსაზრისით.

მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს საქართველოსა და ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მეშვიდე სხდომის გამართვის მნიშვნელობა. აღინიშნა, რომ აღნიშნული პლატფორმა ქვეყნებს შორის აქტუალური ეკონომიკური საკითხების განხილვის მნიშვნელოვანი მექანიზმია.

საუბარი ასევე შეეხო ტურიზმის სფეროში არსებულ დადებით დინამიკას. ხაზი გაესვა საქართველოში ბელარუსი ტურისტების მზარდ რაოდენობას და ამ მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.