თბილისი (GBC) - საქართველოს პარლამენტი „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავს. პროექტი სააგენტოს ოპერატიულ და ანალიტიკურ ქვედანაყოფებში საკადრო პოლიტიკის ლიბერალიზაციასა და ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებას ითვალისწინებს.

ცვლილებების თანახმად, სააგენტოს წამყვან ქვედანაყოფებში ხელმძღვანელ თანამდებობაზე დანიშვნისთვის საჭირო სამუშაო გამოცდილება ორ წლიდან ერთ წლამდე მცირდება. გარდა ამისა, ჩნდება გამონაკლისი დათქმაც: სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის თანხმობის შემთხვევაში, ხელმძღვანელ პოსტზე შესაძლებელი იქნება ისეთი პირის დანიშვნაც, რომელსაც აღნიშნული პროფილის გამოცდილება საერთოდ არ ექნება.

ანალოგიური ცვლილება ეხება საზღვარგარეთ მივლენის წესსაც - საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სააგენტოს მოსამსახურეთა მივლინებისთვის დაწესებული სამუშაო სტაჟიც ერთ წლამდე შემცირდება.

კანონპროექტით უქმდება საკანონმდებლო მოთხოვნები, რომლებიც დაზვერვის ოფიცრებისთვის მაღალი კატეგორიების (მე-6 და ზევით) მინიჭებას არეგულირებდა.

სიახლეები ეხება სპეციალური მომზადების კურსებსაც:

  • სააგენტოში დანიშნული პირები გაივლიან სუს-ის უფროსის მიერ დამტკიცებულ კურსებს.
  • სუს-ის უფროსს უფლება ეძლევა, კურსების დამტკიცების, ხანგრძლივობის შემცირების ან პირის კურსისგან გათავისუფლების უფლებამოსილება პირდაპირ დაზვერვის სააგენტოს უფროსს გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლიდან დაზვერვის სააგენტო, საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში გადავიდა.