თბილისი (GBC) – საინვესტიციო ბანკმა Galt & Taggart-მა სოფლის მეურნეობის სექტორის ინდექსი და მაკროეკონომიკური ანალიზი წარადგინა. კვლევის მიხედვით, დარგის მთავარ გამოწვევად ფერმერული მეურნეობების მცირე ზომა და დაბალი პროდუქტიულობა რჩება.
კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ერთ ჰექტარზე მოსავლიანობის მაჩვენებელი, ხილის, ბოსტნეულისა და მარცვლოვანი კულტურების შემთხვევაში, მეზობელი ქვეყნებისა და ევროკავშირის შედეგებთან შედარებით დაბალია.
მაგალითად, საქართველოში ხილის მოსავლიანობა ჰექტარზე მხოლოდ 4.8 ტონაა, რაც ორჯერ და მეტჯერ ნაკლებია სომხეთის (11.4 ტ.), უკრაინისა (11 ტ.) და ევროკავშირის (11.7 ტ.) მაჩვენებლებზე.
კიდევ უფრო თვალსაჩინოა სხვაობა ბოსტნეულის შემთხვევაში - საქართველოში საშუალო მოსავლიანობა 11.1 ტონას შეადგენს, მაშინ როცა აზერბაიჯანში ეს ციფრი 31.1 ტონაა, სომხეთში - 35.6 ტონა, ხოლო თურქეთში - 42.3 ტონა. რაც შეეხება მარცვლოვან კულტურებს, საქართველო (2.8 ტ.) აქაც ჩამორჩება როგორც აზერბაიჯანსა და თურქეთს (3.4 ტ.), ისე უკრაინასა (5.1 ტ.) და ევროკავშირს (5.2 ტ.).
Galt & Taggart-ის მიმოხილვაში ხაზგასმულია, რომ დაბალ მოსავლიანობას რამდენიმე ფუნდამენტური ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის დაბალი კორპორატიზაცია, ცოდნის ნაკლებობა და ტექნოლოგიური ჩამორჩენა. სექტორში ბიზნესის წილი მხოლოდ 13%-ს შეადგენს, ნედლეულის წარმოება კი ძირითადად შინამეურნეობებზეა კონცენტრირებული.
პრობლემას წარმოადგენს მიწების ფრაგმენტაციაც - საქართველოში ფერმერული მეურნეობების 73% ერთ ჰექტარზე ნაკლებია, 1-დან 5 ჰექტარამდე ფართობი მეურნეობების 25%-ს აქვს, ხოლო მსხვილი მეურნეობები, რომელთა ზომა 5 ჰა-ს აღემატება, მხოლოდ 2%-ს შეადგენს. შედარებისთვის, აზერბაიჯანსა და სომხეთში ერთ ჰექტარზე მცირე ზომის ფერმების წილი შედარებით ნაკლებია (60-61%), რაც ამ ქვეყნებში მიწის უფრო ეფექტიანად გამოყენების საფუძველს ქმნის.
