თბილისი (GBC) - Reuters სამი წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის F-16 გამანადგურებლებს სამ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ საკმარისი რაკეტები რუსული დრონებისა და რაკეტების ჩამოსაგდებად. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც კიევის პარტნიორებისგან მომარაგება შეწყდა ზუსტად იმ დროს, როდესაც მოსკოვი ზამთრის მასშტაბურ საჰაერო კამპანიას ამზადებდა.
Reuters წერს, რომ ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის შუა რიცხვებამდე არსებული მწვავე დეფიციტი, რომლის შესახებ აქამდე ინფორმაცია არ გავრცელებულა, აშიშვლებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის მოწყვლადობას. უკრაინა დიდწილად არის დამოკიდებული დასავლელ მოკავშირეებზე, რათა მოიგერიოს რუსეთის ხშირი დარტყმები. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან (ოთხ წელზე მეტია) კიევი ხშირად ჩივის იარაღის ნაკლებობაზე და ბოლო თვეებში კრიტიკულ დეფიციტზე განგაშს ტეხს, თუმცა ამავდროულად ცდილობს, არ გააღიზიანოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია.
დასავლური იარაღის საჭიროება უახლოეს მომავალში სავარაუდოდ არ შემცირდება, რადგან უკრაინის კონფლიქტის დასასრული არ ჩანს, ხოლო ირანთან მიმდინარე ომის ფონზე, კონკურენცია თავდაცვითი იარაღის მოსაპოვებლად ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთ, სავარაუდოდ, გამწვავდება.
სამივე წყარო, რომლებიც უშუალოდ ფლობენ ინფორმაციას, Reuters-თან ამბობს, რომ მომარაგების შეწყვეტის მომენტში უკრაინას F-16-ების მთელი ესკადრილიისთვის მხოლოდ რამდენიმე ამერიკული წარმოების AIM-9 "Sidewinder" ჰაერი-ჰაერი ტიპის რაკეტა ჰქონდა. ასობით ათასმა უკრაინელმა გადაიტანა მკაცრი ზამთრის ყველაზე რთული პერიოდი გათბობის, ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე ენერგოსისტემაზე რუსეთის გაძლიერებული იერიშების შედეგად, რომელთა სრულად მოგერიება უკრაინამ ვერ შეძლო.
მიუხედავად უკრაინის აქტიური ლობისტური საქმიანობისა, კონკრეტული მაგალითები იმისა, თუ როგორ აისახება დეფიციტი თავდაცვისუნარიანობაზე, ჩვეულებრივ, გასაიდუმლოებულია. ამ შემთხვევაში, ერთ-ერთმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ თითქმის ერთი თვის განმავლობაში უკრაინას თვითმფრინავებზე დასამონტაჟებელი არაფერი ჰქონდა.
როტაციული ქვემეხები და წუნდებული რაკეტები
დეფიციტის დროს F-16-ის პილოტები დღისით დაფრინავდნენ და დრონების ჩამოგდებას როტაციული ქვემეხებით ცდილობდნენ, - აცხადებს მეორე წყარო და დასძენს, რომ ასეთი მისიების სიბნელეში შესრულება მეტისმეტად სახიფათო იყო, მიუხედავად იმისა, რომ რუსული დრონების შეტევები ძირითადად ღამით ხდება.
პილოტები ასევე ცდილობდნენ გამოეყენებინათ ის რაკეტები, რომლებმაც წინა მისიების დროს არ იმუშავეს, იმ იმედით, რომ ტექნიკური მომსახურების შემდეგ ისინი გამოდგებოდა. ზოგ შემთხვევაში მცდელობა წარმატებული იყო. წყაროების თქმით, უკრაინელი პილოტები ძირითადად ეყრდნობიან AIM-9 რაკეტების ვარიანტებს, რომლებიც ცნობილია როგორც "Limas" და "Mikes" და წარმოებულია 1970-იან და 1980-იან წლებში.
მიუხედავად იმისა, რომ ეს რაკეტები ათწლეულების წინანდელია, ისინი უკრაინისთვის რუსული დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების გადაჭერის შედარებით იაფ საშუალებას წარმოადგენს.
დეფიციტი დეკემბერში შეივსო, როდესაც უკრაინამ პარტნიორებისგან AIM-9 ტიპის რაკეტები მიიღო, რუსეთის მასშტაბურ შეტევამდე ცოტა ხნით ადრე. წყაროებმა კონფიდენციალურობის გამო არ დაასახელეს მიმწოდებელი ქვეყნები.
მეოთხე წყარომ დაადასტურა, რომ NATO-ს წევრებმა, გერმანიამ და კანადამ, ბოლო თვეებში მიაწოდეს უკრაინას Sidewinder-ის რაკეტები და აღნიშნა, რომ მანამდე მომარაგებაში მართლაც იყო "გარკვეული ვარდნა", თუმცა მიზეზის დასახელებაზე უარი თქვა.
კანადის თავდაცვის სამინისტრომ Reuters-ს განუცხადა, რომ კანადის შეიარაღებული ძალების მარაგებიდან AIM-9M-8 რაკეტების გადაცემის პროცესშია. "ეს ახალი დონაცია შეავსებს წარსულში გადაცემულ ასეულობით კანადურ AIM რაკეტასა და მათ კომპონენტებს".
ტრამპმა უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდების სისტემა შეცვალა - მანამდე არსებული პირდაპირი სამხედრო დახმარება (ჯო ბაიდენის დროს) ჩაანაცვლა მექანიზმით, რომელსაც PURL (Prioritised Ukraine Requirements List - უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია) ეწოდება. ამ სქემით, აშშ იარაღს NATO-ს მოკავშირეებზე ყიდის უკრაინისთვის გადასაცემად.
NATO-ს წარმომადგენლის თქმით, PURL სისტემა კრიტიკულად მნიშვნელოვან მასალას აწვდის უკრაინას და ზაფხულიდან მოყოლებული, სწორედ ამ გზით არის მიწოდებული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის ბატარეების რაკეტების დაახლოებით 75% და სხვა სისტემების საბრძოლო მასალის 90%.
რუსეთის უმძაფრესი ზამთრის საჰაერო კამპანია
მიუხედავად ამისა, უკრაინის წინაშე კვლავ დგას გამოწვევა - უზრუნველყოს საკმარისი რაკეტები თავისი ვრცელი საჰაერო თავდაცვის ქსელისთვის.
რუსეთი დიდი შეტევების დროს რამდენიმე ასეულ დრონსა და რაკეტას უშვებს. უკრაინა მათ განადგურებას ცდილობს სატვირთოებზე დამონტაჟებული ქვემეხებით, ელექტრონული ჩახშობით, იერიშის დრონებით, ასევე ჰაერი-ჰაერი და მიწა-ჰაერი ტიპის რაკეტებით.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იანვარში საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო სასწრაფო დახმარების თხოვნით მიმართა მოკავშირეებს, განსაკუთრებით ამერიკული Patriot-ის სისტემებისთვის, რომლებიც რუსულ "ისკანდერის" ბალისტიკურ რაკეტებს ანადგურებს.
F-16-ები, რომლებიც კიევმა ევროპელი პარტნიორებისგან 2024 წელს მიიღო, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ქსელის საჰაერო კომპონენტის ნაწილია. მეორე წყაროს ცნობით, F-16-ებმა საჰაერო თავდაცვის როლში 2 000 დრონი და რაკეტა ჩამოაგდეს. უკრაინაში მყოფი თვითმფრინავების ზუსტი რაოდენობა არ საჯაროვდება, თუმცა წყარო Reuters-თან ამბობს, რომ საუბარია "ათეულებზე".
F-16-ებს შეუძლიათ ატარონ როგორც AIM-9, ისე უფრო დახვეწილი AIM-120 რაკეტები. თითოეული AIM-120 მილიონ დოლარზე ბევრად მეტი ღირს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მასობრივად არ იყენებენ იაფი რუსული დრონების წინააღმდეგ. ეს რაკეტები ასევე გამოიყენება ნორვეგიული წარმოების NASAMS-ის სისტემებში, რის გამოც მომარაგების შეფერხებისას ამ სისტემების ოპერაციებიც შეიზღუდა.
ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მთავრობამ ამ ზამთარს NASAMS-ისთვის "მნიშვნელოვანი რაოდენობის" რაკეტები მიაწოდა უკრაინას, რათა სისტემამ შეძლოს მოქალაქეების დაცვა სასიკვდილო საჰაერო დარტყმებისგან.