თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი აცხადებს, რომ ბიზნესის და მ.შ. აგრომიმართულების დაფინანსებას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკის დაფინანსებით კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა. ფარმინგ ქონსთრაქშენმა, თელეთში, სოფელ კოდაში, ნუშის გადამამუშავებელი ქარხანა ააშენა. 

ბანკის დაფინანსების წილი პროექტის ჯამური ღირებულებაში (₾ 4,657 მლნ)  60%-ია - 2.785 მლნ ლარი .

ქარხანა 1701 კვ.მ. ფართობზეა განლაგებული და მისი მშენებლობა 2025 წლის მარტში დასრულდა. ქარხანამ 500 ტ-მდე ნუში უკვე გადაამუშავა, მომდევნო წლებში  წარმადობის 700-1600 ტ-მდე გაზრდას გეგმავს.

„პროექტი პირველია, რომელიც საქართველოს ბანკთან პარტნიორობით განვახორციელეთ. თანამშრომლობა 2024 წელს დავიწყეთ. ბანკი კომპანიის საჭიროებებს იზიარებს, მიდგომები კი მოქნილი და მომხმარებელზე ორიენტირებულია. ჩვენ ბაზარს ვთავაზობთ მაღალი ხარისხის ნუშის გულს,  ევრო სტანდარტებით დაფასოებულს. სამომავლოდ კი ვგეგმავთ, გავზარდოთ გადამუშავების მოცულობა და დავნერგოთ ახალი ტექნოლოგიები“, - აცხადებს ნიკო ნიკოლაძე, ფარმინგ ქონსთრაქშენის დამფუძნებელი.

ფარმინგ ქონსთრაქშენმა პროდუქცია უკვე გაიტანა ექსპორტზე, სამომავლოდ კი დამატებითი ბაზრების ათვისებას გეგმავს. გარდა ამისა, ნუშის გადამუშავების მოცულობის ზრდასთან ერთად, კომპანიის გეგმებშია ქარხნის აღჭურვა ბლანშირების დანადგარით, რომელიც  ხარჯებს დაზოგავს და პროდუქტს საექსპორტო ქვეყნებს მოთხოვნების შესაბამისად მიაწვდის.

"საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივ წარმოებას და აგრო სექტორის განვითარებას. ეს პროექტი ხელს შეუწყობს როგორც კომპანიის ზრდას, ასევე ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივად კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს წარვუდგენთ აგრო სექტორს", - განაცხადა ნინო აფციაურმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.