თბილისი (GBC) - Georgia Capital PLC-ის (GCAP) განცხადებით, დირექტორთა საბჭომ მიმდინარე $50 მლნ-იანი აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამის $18 მლნ-ით გაზრდა დაამტკიცა, რომელიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. 

აქციების შეძენა განხორციელდება ღია ბაზარზე, ხოლო ხაზინიდან დაბრუნებული აქციების გაუქმება განხორციელდება ყოველთვიურად. გამოსყიდვის მიზანია GCAP-ის სააქციო კაპიტალის შემცირება.

პროგრამის ფარგლებში, თითო აქციაზე გადახდილი მაქსიმალური ფასი არ უნდა აღემატებოდეს უკანასკნელად გამოქვეყნებულ აქტივების წმინდა ღირებულებას თითო აქციაზე (NAV per share).

პროგრამის ზრდა წარმოადგენს GCAP-ის იმ ადრე გამოცხადებული განზრახვის დასასრულს, რომლის მიხედვითაც კომპანიას სურდა 2026 წლის ბოლომდე კაპიტალის დაბრუნების მიზნით გამოეყო ₾300 მლნ - რაც ამ მიზნის განხორციელებას საგრძნობლად ადრეულ ვადაში ნიშნავს.

2025 წლის ყოველწლიური საერთო კრების (AGM) გადაწყვეტილებით, მაქსიმუმ 5,233,275 აქციის გამოსყიდვაა ნებადართული. პროგრამა სამი თვით, 2025 წლის 2 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.

აქციათა გამოსყიდვის პროგრამას  Numis Securities Limited (Deutsche Numis) მართავს. დახურულ პერიოდებში, კომპანიასა და მის დირექტორებს არ აქვთ უფლება, ცვლილება შეიტანონ პროგრამაში და მისი განხორციელება სრულად Deutsche Numis-ის შეხედულებით ხდება.

შეგახსენებთ, GCAP Georgia Global Utilities-დან სრულად გადის. ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში დადებული გარიგების პირობების შესაბამისად, ესპანური ჰოლდინგი Aqualia Georgia Global Utilities-ში დარჩენილ 20%-იან წილსაც გამოისყიდის, რისთვისაც GCAP-ს $70.4 მლნ-ს, ივლისის ბოლომდე გადაუხდის. ხოლო, სად მიმართავს ინვესტიციას GCAP ჯერ ცნობილი არაა.