თბილისი (GBC) – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, თხილის ბაზრის მონიტორინგს ახორციელებს.  შუალედური ანგარიშის მიხედვით, შესასწავლ პერიოდში, თხილის ექსპორტის ყველაზე დიდი მოცულობა დაფიქსირდა 2021 წელს და 365.6 მლნ ლარი შეადგინა. 2022 და 2023 წლებში ექსპორტის ღირებულებითი მაჩვენებელი შემცირებულია -  276.8 მლნ და 218.2 მლნ ლარამდე.

მსხვილი კომპანიების ჯამური საბაზრო წილის და სხვა ეკონომიკური აგენტების რაოდენობის გათვალისწინებით, ბაზარი დაბალკონცენტრირებულია. 5 მსხვილი კომპანიის ჯამური წილი შესასწავლ პერიოდში არ აღემატებოდა 47%-ს, ბაზარზე არ ფიქსირდება დომინანტი ეკონომიკური აგენტი და ასევე, ადგილი არ აქვს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელ ერთ-ერთ პირობას საბაზრო წილების სახით.

თხილის ექსპორტი ქვეყნიდან ხორციელდება ნაჭუჭგაცლილი და ნაჭუჭგაუცლელი ფორმით. ნაჭუჭგაცლილი თხილის ექსპორტის მოცულობა საერთო ექსპორტში, 2020-2023 წლებში,  68-81%-ის ფარგლებში მერყეობდა. ექსპორტის უდიდესი ნაწილი ხორციელდება იტალიაში (32%) და გერმანიაში (20%).

ინფორმაციისთვის: 2023 წელს, სააგენტომ დაასრულა 2 მონიტორინგი - საბანკო დაზღვევის ბაზრის მონიტორინგი, გაიცა 6 რეკომენდაცია და თხევადი და ბუნებრივი აირის ბაზრის მონიტორინგი. მიმდინარე რეჟიმშია 4 ბაზრის შესწავლის პროცესი - თამბაქოს, საავტომობილო საწვავის, ლურჯი მოცვის და თხილის ბაზრის მონიტორინგები.