თბილისი (GBC) - საქართველოში მობილური კომპანიების ჯამურ შემოსავალში ინტერნეტ სერვისებიდან მიღებულმა შემოსავალმა ხმოვანი სერვისებით მიღებულ შემოსავალს გადააჭარბა. კერძოდ, წლის III კვარტლის მონაცემებით, მოქმედი მობილური ოპერატორების შემოსავლები ჯამში 29%-ით გაიზარდა და 193.3 მლნ ლარი შეადგინა. შემოსავლების და აბონენტების რაოდენობის მიხედვით ბაზრის ლიდერი კომპანია კვლავ მაგთია, რომელსაც სილქნეტი და ბილაინი მოსდევს. 

მობილურ ინტერნეტზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია. ვინაიდან შერეული პაკეტების უმრავლესობაში ინტერნეტი შედარებით დაბალი ოდენობით შედის, ამიტომ აბონენტები ჰომოგენურ პაკეტებს იმატებენ. 2022 წლის მეორე კვარტალში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით გაზრდილია შერეული პაკეტით გენერირებული ინტერნეტ ტრაფიკის წილი მთლიან ტრაფიკში ვიონის აბონენტებისთვის. მაგთის და ვიონი საქართველოს აბონენტებისთვის ჰომოგენური პაკეტით მოხმარებული ინტერნეტ ტრაფიკის წილი გაზრდილია წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით. 

კომპანიების ჯამურ შემოსავლებში კი ინტერნეტის წილი მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 52%-ს შეადგენდა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 41% იყო. შედეგად ინტერნეტ შემოსავლის წილმა გადააჭარბა ხმოვანი მომსახურებით მიღებულ შემოსავალს რომელსაც 39%-იანი წილი აქვს. ეს უკანასკნელი გასულ წელს 48% იყო. პარალელურად შემცირებულია სმს მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის მოცულობაც და ის 3%-ს შეადგენს, ნაცვლად გასულ წელს არსებული 4%-სა. 

მობილური ინტერნეტის თითქმის ყველა მაჩვენებელი - ტრაფიკი, მოხმარება მზარდი ტენდენციით ხასიათდება. მნიშვნელოვნად გაზრდილია ტრაფიკის და საშუალო მოხმარების მაჩვენებლები. 

მოხმარებული მობილური ინტერნეტ ტრაფიკი გაზრდილია წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით და 2022 წლის III კვარტალში 118 პეტაბაიტი შეადგინა. ასევე გაზრდილია თითო აბონენტის მიერ მობილური ინტერნეტის მოხმარება და საშუალოდ 9.7 გბ შეადგინა. 

ამასთან, 4G ტექნოლოგიით მოხმარებული ინტერნეტ ტრაფიკის რაოდენობა არის გაზრდილი და ჯამური ინტერნეტ ტრაფიკის 94.4% შეადგინა.