თბილისი (GBC) - მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის დღევანდელი გადაწყვეტილებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან, აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.

სხდომას არ ესწრებოდა ირაკლი ოქრიაშვილი, მას არც საბოლოო სიტყვის უფლებით უსარგებლია.

ირაკლი ოქრიაშვილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად 26 მარტს დაიბარეს. მან მისვლაზე უარი განაცხადა.

ირაკლი ოქრიაშვილი ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ე.წ წულუკიანის კომისიაში გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 8 პოლიტიკოსის წინააღმდეგ. 4 ივლისის მდგომარეობით, გამოცხადებულია რვავეს განაჩენი.

პატიმრობა მისჯილი აქვთ შემდეგ პოლიტიკოსებს:

  • ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე, მას 7-თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი;
  • გიორგი ვაშაძე - “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი (პატიმრობის ვადა - 7 თვე);
  • მამუკა ხაზარაძე - “ძლიერი საქართველოს” ლიდერი (პატიმრობის ვადა - 8 თვე);
  • ბადრი ჯაფარიძე - “ძლიერი საქართველოს” ლიდერი (პატიმრობის ვადა - 8 თვე);
  • ნიკა მელია - “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი (პატიმრობის ვადა - 8 თვე);
  • ზურაბ ჯაფარიძე - “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი (პატიმრობის ვადა - 7 თვე).

„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა.