თბილისი (GBC) - „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) წერს, რომ აჭარაში „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა და მისი ოჯახის წევრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ უკანონოდ დაიკავეს 2,887 კვ.მ. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი (სურათზე: ნაკვეთი #3) და მასზე უკანონოდ აიშენეს საცხოვრებელი სახლი.

სულხან თამაზაშვილი 2025 წლის 7 აპრილამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იყო შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი. პროევროპული საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლის გამო იგი დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაასანქცირა.

TI-ის ცნობით, ფოტოზე აღნიშნულ მონაკვეთებზე:

  1. არის თამაზაშვილების 2017 წელს რეგისტრირებული საკუთრება;
  2. თამაზაშვილების 2019 წელს რეგისტრირებული საკუთრება;
  3. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი, რომელზეც თამაზაშვილების სახლი დგას;
  4. სახელმწიფო საკუთრება;

ორგანიზაციის თქმით, სულხან თამაზაშვილმა სოფელ ქვედა სამებაში მდებარე ერთი – 2,500 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 248 კვ.მ შენობა-ნაგებობა (სურათზე: ნაკვეთი #1) თანასაკუთრებაში 2017 წლის 12 ოქტომბერს დაირეგისტრირა, თუმცა ამის შესახებ 2017, 2018, 2019, 2020, 2021 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში არ მიუთითა.

TI-ის თქმით, როგორც Google Earth-ის ორთოფოტოდან ჩანს, ამ ნაკვეთზე მდგარი ძველი სახლი, სავარაუდოდ, 2020 წლის შემდეგ დაანგრიეს.

ასევე, ორგანიზაცია წერს, რომ თამაზაშვილმა 2020 და 2021 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში ასევე არ ასახა 2019 წლის 7 მაისს მის თანასაკუთრებაში რეგისტრირებული, სოფელ ქვედა სამებაში მდებარე მეორე – 2,498 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სურათზე: ნაკვეთი #2).

თამაზაშვილების საცხოვრებელი სახლი არარეგისტრირებულ ნაკვეთზე. Google Earth-ის ორთოფოტო 2025 წლის ივნისის მდგომარეობით

თამაზაშვილების საცხოვრებელი სახლი არარეგისტრირებულ ნაკვეთზე. ფოტო 2025 წლის ივნისის მდგომარეობით.

TI წერს, რომ სულხან თამაზაშვილმა მიწის ეს ნაკვეთები და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა მხოლოდ 2022, 2023, და 2024 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში ასახა, მაგრამ 25%-იანი წილის ნაცვლად შეცდომით მიუთითა 50%.

მათი განცხადებით, სწორედ ამ ორი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს 2,887 კვ.მ დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი, რომელზეც თამაზაშვილმა განახორციელა უკანონო მშენებლობა.

ღობე, რომლითაც თამაზაშვილებმა შემოსაზღვრეს ორი რეგისტრირებული და ერთი არარეგისტრირებული ნაკვეთი უკანონოდ აშენებული სახლით.

თამაზაშვილების კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, 2020 წლის სექტემბრის მდგომარეობით.