თბილისი (GBC) - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 10.5 მილიონ ლარიან ტენდერს შპს „კოკს კონსალტი-ს საქართველოს ფილიალი“ ლიდერობს.

ტენდერი გულისხმობს, ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომზადებას. „კოკს კონსალტი-ს საქართველოს ფილიალი“ ერთადერთი კანდიდატია და გამარჯვების შემთხვევაში სამუშაოებს 35%-ით დაბალ ფასში 3.8 მლნ ლარად შეასრულებს.

დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოს შესრულების ვადა განსაზღვრულია, ხელშეკრულების დადებიდან 18 თვედ.

პრეტენდენტს, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ გამოცდილების არეალსა და საანგარიშო პერიოდში, არაუმეტეს 2 (ორი) ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული უნდა ჰქონდეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის მომსახურება დასრულებული პროექტების სახით, ჯამური ღირებულებით - არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 50%-ისა.

„კოკს კონსალტი-ს საქართველოს ფილიალი“ - უცხოური საწარმოს ფილიალია, რომელიც საქართველოში 2006 წელს დარეგისტრირდა. მისი დირექტორი კარსტენ გრიზეა (გერმანია), ხოლო პარტნიორი და დამფუძნებელი „კოკს კონსალტი“.