თბილისი (GBC) - შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“,  ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტის სამშენებლო სამუშაოებისთვის 11.4 მლნ ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს.

ტენდერში წინადადებების მიღება 4 ოქტომბერს იწყება და 9 ოქტომბერს 13:00 საათზე სრულდება.

ტენდერი მოიცავს ქუთაისის აეროპორტის თვითმფრინავების ბაქნის რეკონსტრუქციას და სადგომების სქემის შეცვლას.

სამუშაოები სრულად უნდა განხორციელდეს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში.

დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოების წარმოებისას საპროექტო ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სააეროდრომო სპეც. ტრანსპორტის მოძრაობა, რის გამოც სამუშაოები უნდა ჩატარდეს ეტაპობრივად, ჯერ ერთ ნახევარზე, მეორე ნახევარზე მოძრაობის შენარჩუნებით, შემდეგ კი პირიქით.

სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოების პერიოდში მოძრაობის ორგანიზაციისა და სამუშაოების წარმოების ადგილების შემოფარგვლა შესრულდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოების მაღალი ხარისხი.

სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის საჭირო ყველა მასალა, ნახევარფაბრიკატი და კონსტრუქცია უნდა შეესაბამებოდეს საპროექტო მონაცემებს, სათანადო სახელმწიფო სტანდარტებს და აკმაყოფილებდეს მათ მოთხოვნებს.

შესრულებულ სამუშაოებზე განისაზღვრება შემდეგი საგარანტიო ვადა:

1. ბეტონის საფარზე -5 წელი;
2. ნაკერების შემავსებელ ბიტუმზე - 2 წელი;
3. სანათებზე - 2 წელი;
4. ლითონის სანათ ბოძებზე - 5 წელი.

ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით, კანდიდატს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთი, მსგავსი შინაარსის (აეროპორტი,ან საერთაშორისო მნიშვნელობის)  გზის მშენებლობის გამოცდილება.