თბილისი (GBC) – ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით მსოფლიოს უმსხვილესი ლოგისტიკური კომპანია Maersk აცხადებს, რომ ახალი სატრანსპორტო გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მსოფლიოს წამყვან მწარმოებელ ქვეყნებს მიმზიდველ აზიურ ბაზართან დააკავშირებს. კომპანია ამ მარშრუტის მთავარ კვანძად ფოთის პორტს განიხილავს. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ეს ახალი მიმართულება შეუფერხებლად დააკავშირებს ერთმანეთს შორეული აღმოსავლეთისა და ევროპის ქვეყნებს

„ჩენი ახალი პროექტი კომპლექსური ინტერმოდალური გადაწყვეტაა საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვებისთვის, რომელიც ტვირთბრუნვის ეფექტიანობის გაზრდაზეა მიმართული. – აღნიშნულია Maersk–ის პრეს–რელიზში. – თუმცა, ეს ახალი ინდივიდუალური გადაწყვეტილება უპირველესად ყაზახეთზე და უზბეკეთზეა ორიენტირებული, რომელიც შემდეგ გაგრძელდება მათ მეზობელ თურქმენეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში“.

კომპანია Maersk–ში აცხადებენ, რომ საქართველოს ფოთის პორტი მთავარი დამაკავშირებელი რგოლი გახდება მათ გლობალურ საოკეანო ქსელში.

Maersk დანიური კომპანიაა, რომელშიც 80 ათასი ადამიანია დასაქმებული. მისი შტაბ–ბინა კოპენჰაგენში მდებარეობს, ხოლო შვილობილი კომპანიები 135 ქვეყანაშია რეგისტრირებული. საკონტეინერო გადაზიდვებში კომპანია მსოფლიო ლიდერია და მასზე გლობალური გადაზიდვების 20% მოდის.