თბილისი (GBC) – პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში პარლამენტის შენობის ბედთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ მისი მთავრობის ხედვა შემდეგია: „ახლა ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს, ძალიან მალე ამის თაობაზე იქნება დეტალური ინფორმაცია, ქუთაისის პარლამენტის შენობა გვინდა გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი, ცენტრი ახალგაზრდებისთვის, აიტი სექტორში მომუშავე ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ, ეს უნდა იყოს მულტიფუნქციური, თანამედროვე, ტექნოლოგიური ქალაქი და ცენტრი, ადგილი, რომელშიც თავს მოიყრის ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა. ამის პროექტს ვამუშავებთ, ძალიან მალე იქნება ამის პრეზენტაცია, დაელოდეთ. ეს ყველაფერი დროს მოითხოვს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ შინაარსიანად, ვამზადებთ“.

პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ახალი აეროპორტის პროექტზე, რომელიც გუშინ, მთავრობის სხდომაზე დააანონსა.

„გუშინ მე დავაანონსე კიდევ ერთი ძალიან მსხვილი პროექტი, ესაა ახალი აეროპორტის მშენებლობა, ეს იქნება რამდენიმე ასეულ მილიონიანი პროექტი, ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანას ავუშენოთ ახალი საერთაშორისო კლასის, დონის აეროპორტი, ვინაიდან არსებული აეროპორტი ვერ უძლებს კრიტიკას და ზოგადად იმ გამოწვევებს და ამბიციას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ჩვენ თუ გვინდა, რომ ქვეყანა გახდეს რეალურად ჰაბი, მათ შორის საავიაციო ჰაბი, აუცილებელია, თანამედროვე აეროპორტის მშენებლობა, თავისი ტერმინალებით, კარგო ტერმინალებით ადა ა.შ. ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ", – განაცხადა პრემიერმა.