თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიასთან პარასკევს გამართულ შეხვედრაზე ქვეყნის ძირითადი მაკროეკონომიკური ტენდენციები განიხილა. მთავრობის პრეს–სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორწლიანი ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ საქართველო კვლავ ინარჩუნებს ამ პოზიციას. 2023 წელს საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 7,5%, ხოლო 2024 წელს, იანვრის წინასწარი მონაცემების თანახმად, 5,8%-ით გრძელდება.

შეხვედრაზე მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების დინამიკა და საშუალოვადიანი პერიოდის პროგნოზებიც განიხილეს.

აღინიშნა, რომ პანდემიისა და შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, სწორმა და თანმიმდევრულმა ფისკალურმა პოლიტიკამ დადებითი შედეგი მოიტანა ყველა სექტორში.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მიღების მნიშვნელობასა და როლზე, მათ შორის, საჯარო ფინანსების მართვით დაგეგმილი რეფორმების მიმართულებით.