თბილისი (GBC) - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, 5 კაციანი მთავრობის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის 4 ნოემბერს, გაფორმდა რამდენიმე მემორანდუმი, რომლებიც მიზნად ისახავს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და ინვესტიციური პარტნიორობის გაფართოებას. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს და გამოყოფს 4 მემორანდუმს. ესენია: თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების შესახებ მოლაპარაკებების დასრულების მემორანდუმი, საჰაერო "აბრეშუმის გზის“ ერთობლივი განვითარების მემორანდუმი, სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი და ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი.
„მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებს შორის. ორივე ლიდერმა ისაუბრა იმ ახალი მიზნების გარშემო, რომლებიც გააძლიერებს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ და ხალხთა შორის ურთიერთობებს. შეხვედრისას ხელი მოეწერა რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მემორანდუმს, რომელთა ფარგლებში ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მეტად გამყარდება", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.
რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის გაფორმებულ მემორანდუმებს: ქვრივიშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრმა ვანგ ვენთაომ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების შესახებ მოლაპარაკებების დასრულების თაობაზე.
ქვრივიშვილის შეფასებით, დოკუმენტში რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი შევიდა.
„განახლებულ დოკუმენტში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საქართველოდან ჩინეთში სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტზე. ასევე აღნიშნულ დოკუმენტში განახლდა საინვესტიციო მიმართულების პუნქტი, რაც მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას შორის „საჰაერო აბრეშუმის გზის" ერთობლივი განვითარების შესახებ. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის (CAAC) მოადგილე ხან ძუნიმ.
„საავიაციო შეთანხმება უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და ასევე დამატებით ბიძგს მისცემს ქვეყნებს შორის პირდაპირ ფრენებს", - განაცხადა ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება გააფორმა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ქართული პროდუქციის ექსპორტს ჩინეთის ბაზარზე.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიას შორის ასევე გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.