თბილისი (GBC) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ელექტროენერგიის ტარიფების დაზუსტებას მიმდინარე თვის ბოლომდე გეგმავს, განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ორშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, გასულ წელს, დეკემბერში დადგენილი ტარიფი დროებითი ხასიათის იყო, რადგან ზოგიერთი პარამეტრი დამატებით შესწავლას მოითხოვდა. ამჟამად მიმდინარეობს ამ პარამეტრების დაზუსტება.
„მარეგულირებელმა უწყებამ გასული წლის დეკემბერში დაადგინა ელექტროენერგიაზე დროებითი ტარიფი, ვინაიდან ცალკეული პარამეტრები იყო დასაზუსტებელი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ პარამეტრების დაზუსტება“, - თქვა ნარმანიამ.
მისი თქმით, ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება თვის ბოლოსთვის გახდება ცნობილი, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, გაიზრდება თუ არა გადასახადი მომხმარებლებისთვის.
„როგორც კი დაზუსტდება, მიმდინარე თვის ბოლოსკენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. კონკრეტულად თუ რა მოუვა ტარიფს და რამდენად იქნება ზრდა, ამაზე გამიჭირდება პასუხის გაცემა, ვინაიდან შესაბამისი სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს“, - განმარტა მან.
კითხვაზე, ნამდვილად გადაიხედება თუ არა ტარიფი თვის ბოლოს, ნარმანიამ დაადასტურა, რომ კომისია გადაწყვეტილებას სწორედ ამ ვადაში მიიღებს.
2025 წლის დეკემბერში სემეკმა თვეების განმავლობაში დაანონსებული გაძვირების ნაცვლად, არსებული ტარიფები სამი თვით (2026 წლის 31 მარტამდე) შეინარჩუნა, რათა დრო ჰქონოდა ენერგობალანსის, გენერაციის პროგნოზების, კომპანიების ხარჯებისა და ინვესტიციების დაზუსტებისთვის.
მარეგულირებელი ჯერ არ ასახელებს ზრდის მასშტაბს ან მიმართულებას.