თბილისი (GBC) – თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობამ თებერვალში 3,358 შეადგინა და წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 1%-ით შემცირდა.

ამავე პერიოდში, გასაყიდი ფასი $1,202-ს გაუტოლდა და წინა თვესთან შედარებით ფაქტობრივად უცვლელი დარჩა. ხოლო წლიურად 6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის მოცულობამ $266 მილიონს მიაღწია და 2023 წლის თებერვლის მაჩვენებელს 2%- ით გადააჭარბა.

ქირა

გასაქირავებელი ფასი $12-ს გაუტოლდა და წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 5%-ით შემცირდა.

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები 10.5%-ს გაუტოლდა, რაც 1.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2023 წლის თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით.

ახალი vs ძველი ბინები

2024 წლის თებერვალში 725 ახალი ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 3%-ით ნაკლებია.

ძველი ბინების შემთხვევაში, გაყიდვების რაოდენობამ 2,633 შეადგინა და 2023 წლის თებერვალთან შედარებით უცვლელი დარჩა. იქიდან გამომდინარე, რომ ტრანზაქციების განაწილებაში არ მომხდარა მნიშვნელოვანი ცვლილებები, ახალი ბინების წილი მათი წილი მთლიან გაყიდვებში 22%-ზე შენარჩუნდა.

საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად გაიზარდა როგორც ახალი (+9%), ისე ძველი (+5%) ბინების შემთხვევაში.

თვიურ ჭრილში, გასაყიდი ფასი ახალი ბინებისთვის 3.1%-ით გაიზარდა, თუმცა ძველი ბინების შემთხვევაში ფასმა 0.7%-ით დაიკლო.

2024 წლის თებერვალში 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინების გაყიდვების წილმა ტრანზაქციებში 43% შეადგინა (+2 პპ, თ/თ). 125-კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინების წილმა 5% შეადგინა.

მაღალი (>1,500 $/კვ.მ) საფასო სეგმენტის წილმა მთლიან ტრანზაქციებში 16% შეადგინა, რაც 2023 წლის თებერვალთან შედარებით 3 პროცენტული პუნქტით მეტია.

თბილისის უბნები

2024 წლის თებერვალში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით დიდი დიღომი (24% მთლიან გაყიდვებში) კვლავ პირველ ადგილზეა, ხოლო რიგით მეორეზე საბურთალო (18%).

ახალი ბინების გაყიდვების მნიშვნელოვანი წლიური ზრდა დაფიქსირდა კრწანისში, სამგორსა და დიდ დიღომში. ყველაზე მეტი ახალი ბინა კვლავ დიდ დიღომში გაიყიდა. ძველი ბინების შემთხვევაში, გაყიდვებში ყველაზე მაღალი წლიური ზრდა ნაძალადევსა და დიდ დიღომში დაფიქსირდა.

იმავე პერიოდში, საშუალო გასაყიდმა ფასმა კვ.მ-ზე მთაწმინდასა და ვაკეში $2,000-ს გადააჭარბა. ძველი ბინების შემთხვევაში, ყველა უბანში წლიური ზრდა დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი ზრდით კრწანისი (+23%), მთაწმინდა (+14%) და ჩუღურეთი (+10%) გამოირჩეოდა.