თბილისი (GBC) – „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ (აფბა) საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რეფინანსირების განაკვეთის 8%-ზე უცვლელად დატოვების შესახებ, არსებული გამოწვევების ადეკვატურ ნაბიჯად აფასებს. ასოციაციის განცხადებით, მიუხედავად 2025 წლის ბოლოს არსებული პოზიტიური მოლოდინებისა, ახლო აღმოსავლეთში დაწყებულმა კონფლიქტმა ვითარება რადიკალურად შეცვალა.

„აფბას“ ანალიზით, ჰორმუზის სრუტის ბლოკირებამ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის 45%-იანი ზრდა გამოიწვია, რაც უკვე აისახა საქართველოში საწვავის 10%-იან გაძვირებაზე. ასოციაცია პროგნოზირებს, რომ საწვავზე ფასების შემდგომი მატება ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს სხვა პროდუქტების თვითღირებულებაზე, რაც ინფლაციურ წნეხს გაზრდის.

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს გლობალურ ტენდენციაზე, სადაც აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა (FED) და ევროპის ცენტრალური ბანკები განაკვეთების შესაძლო ზრდასაც კი განიხილავენ.

რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას, „აფბა“ აღნიშნავს, რომ კონფლიქტის დასაწყისში დაფიქსირებული მერყეობის მიუხედავად, ლარმა სტაბილურობა სწრაფად დაიბრუნა. მათი შეფასებით, ეს ფაქტი ვალუტის მიმართ ნდობის გაზრდაზე მიუთითებს.

მაღალი გაურკვევლობისა და მიწოდების ჯაჭვების შეფერხების გათვალისწინებით, ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ეროვნული ბანკი ფრთხილ პოლიტიკას გააგრძელებს და რეგიონული კონფლიქტების დეესკალაციამდე მონეტარული პოლიტიკის მნიშვნელოვანი შერბილება მოსალოდნელი არ არის.