თბილისი (GBC) – ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 888.6 მლნ ლარით, ანუ 1.3 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.3 პროცენტით შემცირდა) და 2022 წლის  ოქტომბრის ბოლოს 67.2 მლრდ ლარი შეადგინა. 

საბანკო ასოციაციაში ბანკების აქტივების შემცირებას საბანკო სექტორში ჭარბი ლიკვიდობით ხსნიან - კერძოდ, გამომდინარე იქიდან რომ თავდაპირველად კოვიდ პანდემიის, შემდგომ კი უკრაინაში ომის გამო ბანკებს ლიკვიდობის გაზრდა დასჭირდათ. ამასთან, აქტივების შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ლარის ბოლოდროინდელმა გამყარებამაც. ასოციაციაში ამბობენ რომ ერთის მხრივ რეგულაციების ხოლო მეორეს მხრივ საპროცენტო განაკვეთების ზრდის გამო საკრედიტო აქტივობა ზომიერია და ზრდა დაახლოებით 12%-ის ფარგლებშია. წლის ბოლოსთვის კი საკრედიტო პორტფელის ზრდა სავარაუდოდ 10-15%-ის ფარგლებში იქნება.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 8.9 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.2 პროცენტია.

ოქტომბრის ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.