თბილისი (GBC) – საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს (AIIB) შორის 158.5 მლნ ევროს ოდენობის სასესხო შეთანხმება გაფორმდა, რომლის ფარგლებში კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაა დაგეგმილი.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და AIIB-ის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ.

პროექტის ფარგლებში ოთხზოლიანი საავტომობილო გზის ორი მონაკვეთის მშენებლობაა გათვალისწინებული: ბადიაურიდან ჩალაუბნამდე – 21.7 კმ-ის, ხოლო ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე – 9.1 კმ-ის. ასევე დაგეგმილია გურჯაანიდან თელავამდე 36.6 კმ-ის საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა.

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტის ჯამური ღირებულება 316.8 მლნ ევროა. პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის მიერ უკვე დამტკიცებული და საქართველოსთვის გამოყოფილია 158 მლნ ევრო, ხოლო AIIB-ის ახალი სესხის მოცულობა დაახლოებით 158.5 მლნ ევროს შეადგენს.

პროექტის მიზანია საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროდუქტიულობისა და მდგრადობის გაუმჯობესება და შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდა.

პროექტის აღმასრულებელი ორგანიზაცია იქნება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ხოლო განხორციელებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი უზრუნველყოფს.