თბილისი (GBC) – თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესმა“ 100-მილიონიანი ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში პირველი, $10-მილიონიანი ემისია წარმატებით განათავსა. ამ ტრანზაქციის აღსანიშნავად, Rooms Hotel Tbilisi-ში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ, „რიკო ექსპრესს", თიბისი კაპიტალს, ყველა ჩართულ მხარესა და ინვესტორებს წარმატებული ტრანზაქცია მიულოცა. მისი თქმით, ინვესტორებს სულ უფრო მეტი შესაძლებლობა უჩნდებათ, დანაზოგები უსაფრთხოდ განათავსონ, ხოლო კერძო სექტორს დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებზე ჰქონდეთ წვდომა.
„ყოველ წარმატებულ ტრანზაქციას ბაზარზე მნიშვნელოვნად განაპირობებს როგორც კაპიტალის ბაზარზე არსებული, ისე ზოგადად მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ეკონომიკის სტაბილური განვითარება მნიშვნელოვნად ამცირებს ქვეყნის რისკის პრემიას, რაც, რა თქმა უნდა, კერძო სექტორს ფინანსური რესურსების უფრო ხელსაყრელი პირობებით მოზიდვის შესაძლებლობას აძლევს. კაპიტალის ბაზრის განვითარებაში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება. გასული წელი ბაზარზე ძალიან აქტიური იყო და ბაზრის მონაწილეები წელსაც მაღალი აქტივობით გამოირჩევიან ", - აღნიშნა ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ.
„ვულოცავ “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესს” უცხოურ ვალუტაში პირველი ობლიგაციის წარმატებით განთავსებას. ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალი იყო, რამაც კომპანიას შესაძლებლობა მისცა, ობლიგაცია კონკურენტული პირობებით განეთავსებინა. მიხარია, რომ უცხოურ ვალუტაში თანხების მოზიდვისთვის პარტნიორად სწორედ თიბისი კაპიტალი აირჩიეს. შედეგად, „რიკო ექსპრესმა“ უკეთეს პირობებში მოახერხა ფულადი რესურსის მოზიდვა, რაც უმნიშვნელოვანესია მათი ბიზნესის განვითარებისთვის. მსგავსი ტრანზაქციებით კომპანიებს ვეხმარებით დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციაში, ინვესტორების ბაზის გაფართოებასა და რესურსების კონკურენტული პირობებით მოზიდვაში”, - განაცხადა თიბისი კაპიტალის დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.
„რიკო ექსპრესის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ლაშა ნიკოლაიშვილის განცხადებით, ეს დღე კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მან მადლობა გადაუხადა ეროვნულ ბანკს მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა სებ-ის როლს მიღწეულ შედეგში. „აღსანიშნავია ეროვნული ბანკის როლი, რადგან ბოლო წლების მანძილზე ჩვენი ქვეყნის რეზერვები უპრეცედენტო ნიშნულზე ავიდა. სწორედ ამ ფაქტორებმა გამოიწვია ის, რომ ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთები მცირდება", - აღნიშნა ლაშა ნიკოლაიშვილმა. მისივე თქმით, დღევანდელ პირობებში, როდესაც მსოფლიოში რეფინანსირების განაკვეთი იზრდება, კომპანიამ 3-წლიანი ობლიგაციები 7%-ში განათავსა, რაც ბოლო დროის განმავლობაში ბაზრისთვის უპრეცედენტოა და მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობაა, ხოლო ინვესტორების მხრიდან მაღალი ნდობაა როგორც ქვეყნის, ისე ქართული კომპანიების მიმართ.
“რიკო ექსპრესი“ საქართველოს ბაზარზე თითქმის 30 წელია ოპერირებს და 47%-იანი წილით მიკროსაფინანსო სექტორის ბაზრის ლიდერია.
(R)
