თბილისი (GBC) – ოფიციალური ბაქო კახის რაიონში მდებარე ქურმიუქის ტაძართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას ტერიტორიული პრეტენზიების შემცველად აფასებს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საპატრიარქოს ბოლო განცხადება ორ ქვეყანას შორის მეგობრობის, პარტნიორობისა და კეთილმეზობლობის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.

როგორც სააგენტო „რეპორტი“ აზერბაიჯანის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით წერს, სამინისტრომ ასევე მიუღებლად მიიჩნია ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული და ისტორიული ტოპონიმებისთვის სხვა სახელწოდებების გამოყენება.

„აზერბაიჯანი ყოველთვის პატივს სცემდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. საქართველოს მხრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი იგივე დამოკიდებულება ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია. სწორედ ამიტომ გაუგებარია საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია, რომელიც აზერბაიჯანთან მიმართებით ტერიტორიულ პრეტენზიებს შეიცავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რელიგიურმა ორგანიზაციებმა თავი უნდა აარიდონ ისეთ მიდგომებს, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს აზერბაიჯანისა და საქართველოს ხალხებს შორის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მეგობრობასა და კეთილმეზობლობას.

„ამასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს არ ვურჩევთ, გაიმეოროს სომხური ეკლესიისთვის ცნობილი მიდგომები და მის მაგალითს მიჰყვეს. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ყველა ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი აზერბაიჯანელი ხალხისა და სახელმწიფოს ეროვნული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია“, – განაცხადეს უწყებაში.

საქართველოს საპატრიარქომ ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადება 24 სექტემბერს გაავრცელა. საპატრიარქოს განცხადებით, ტაძარი დღეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა ის საქართველოსა და ეკლესიის ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლია.

საპატრიარქოს თქმით, მას აზერბაიჯანის შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან სამუშაოების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია. უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ კითხვებს აჩენს როგორც სამუშაოების მიზნები, ისე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ქართულ მხარესთან შეუთანხმებელი რეაბილიტაცია.

საპატრიარქო მიიჩნევს, რომ აუცილებელია დადგინდეს, რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს ტაძრის ტერიტორიაზე, რა კვლევებს ეფუძნება ისინი და ვინ ახორციელებს მათ. ამასთან, საპატრიარქომ საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს პროცესში ჩართვისა და საკითხზე სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა.