თბილისი (GBC) - საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა, რომელიც პროექტს - „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესება“ ითვალისწინებს. ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მსოფლიო ბანკთან გაფორმებული ეს შეთანხმება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის შიდა ფუნქციონირების, ისე რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებისთვის.

პროექტის ფარგლებში საქართველოსთვის $372 მლნ-ის დაფინანსება გამოიყოფა. აღნიშნული თანხა მიიმართება როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების, ისე საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის მიმართულებით.

მინისტრის განმარტებით, ეს დოკუმენტი უფრო ფართო დაფინანსების პაკეტის ნაწილია, რომელიც ქვეყნისთვის, ჯამში, $750 მლნ-ის გამოყოფას ითვალისწინებს. ამავე პაკეტის ფარგლებში, დამატებით შეთანხმებებს ხელი მომდევნო თვეებში მოეწერება. პროექტში მსოფლიო ბანკთან ერთად აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) მონაწილეობენ.

„ამ მიმართულებით დამატებით ვგეგმავთ საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსებისთვის, დაახლოებით, $350 მლნ-ის მოცულობის შეთანხმების გაფორმებას. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს პერიოდში გაფორმდება 1.2-1.3 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის შეთანხმებები, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში როგორც საგზაო, ისე სხვა ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებაში", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.