თბილისი (GBC) - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე მხარდაჭერილია 8 კომპანიის 13 ემისია, მიღებულია 26 განაცხადი, ხოლო დამატებით მობილიზებულმა საინვესტიციო კაპიტალმა ₾450 მლნ-ს გადააჭარბა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, პროგრამა სამინისტროს ორი პრიორიტეტული მიმართულების — მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების — სინერგიას წარმოადგენს.
"ერთი მხრივ, ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, რასაც წარმატებით ვახორციელებთ ბოლო წლების განმავლობაში. მეორეს მხრივ, სამინისტროს ერთ-ერთი სტრუქტურული რეფორმა კაპიტალის ბაზრის განვითარებას შეეხება, რომელიც ბაზარზე ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმების დანერგვას ითვალისწინებს. სამინისტრო მუშაობს პროგრამის მოდიფიცირებასა და გაფართოებაზე, რათა ალტერნატიული დაფინანსების ინსტრუმენტები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს საშუალო ზომის ბიზნესისთვის საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს მათ პროდუქტიულობას, საექსპორტო ბაზრებზე ხელმისაწვდომობას და ზოგადად მათი ბიზნესის ზრდას", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
პროგრამა 2024 წლიდან ამოქმედდა და ბიზნესს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს ფასიანი ქაღალდების გამოშვებით დაფინანსების ალტერნატიული შესაძლებლობები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში" კომპანიებს ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსებაში ეხმარება.
პროგრამის ფარგლებში 2028 წლამდე დაგეგმილია 100-მდე ემისიის მხარდაჭერა, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს 3 მილიარდ ლარამდე საინვესტიციო რესურსის მობილიზება მოახდინოს. 2026 წლიდან ამოქმედდება ტექნიკური დახმარების კომპონენტიც, რომელიც მიზნად ისახავს კომპანიებისა და ინვესტორების ცნობიერების ამაღლებას და კაპიტალის ბაზრის ეკოსისტემის გაძლიერებას.