თბილისი (GBC) – 2022 წლის განმავლობაში ქონების დაზღვევის სახეობაში 18 სადაზღვევო კომპანიის მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ 118.5 მლნ ლარი შეადგინა. ქონების დაზღვევის სახეობა სტაგნაციას განიცდის, რადგან მოზიდული პრემიის მოცულობა 2021 წელთან შედარებით არ შეცვლილა.

შეიძლება ითქვას, რომ ქონების დაზღვევის სახეობა რეგრესისგან ალდაგმა იხსნა – კომპანიის მოზიდულმა პრემიამ 2022 წელს 47.6 მლნ ლარი შეადგინა. ალდაგის მოზიდული პრემია, მთლიანად ქონების დაზღვევის სახეობის 40%-ზე მეტია. წინა წელთან შედარებით კი ალდაგმა აღნიშნულ სახეობაში 23%-ით მეტი პრემია მოიზიდა (2021: 38.7 მლნ ₾).

ქონების დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით, მეორე ადგილს 18%-ით თიბისი იკავებს. თიბისი დაზღვევამ 2022 წელს 21.4 მლნ ლარი მოიზიდა, რაც 16.3%-ით მეტია წინა წელზე (2021: 18.4 მლნ ₾).

მესამე ადგილზეა უნისონი ამ სახეობის ბაზრის 15%-ით. უნისონი 2021 წელს სახეობაში მეორე ადგილს იკავებდა, თუმცა 2022 წელს პოზიცია დაკარგა და მისი ადგილი თიბისიმ დაიკავა. უნისონის მოზიდულმა პრემიამ  2022 წელს 17.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.6%-ით ნაკლებია 2021 წელზე. (2021: 23.6 მლნ ₾ - 20%).