თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ), მსოფლიო ბანკის ხაზინის RAMP-ის პროგრამის ხელშეწყობით, ტაჯიკეთის ეროვნული ბანკის დელეგაციას უმასპინძლა.

სებ-ის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე ფინანსური ბაზრების, რისკების ცენტრალიზებული მართვის, ბუღალტრული აღრიცხვის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა ტაჯიკ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. საბაზრო და საკრედიტო რისკების მართვა, სისტემები ფინანსური ანგარიშგების  და აუდიტისთვის; ასევე, კიბერრისკების მართვის ჩარჩო.

ღონისძიების მონაწილეებს ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე ხაზარაძემ უთხრა, რომ  საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივად ორგანიზებული სამუშაო შეხვედრები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენ შორის არსებულ მრავალწლიან თანამშრომლობას.

ეს მორიგი სასწავლო შეხვედრაა სებ-ის საგანმანათლებლო სივრცის პროექტის ფარგლებში, რომელიც ორგანიზებულია საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, იმავე პროექტის ფარგლებში,  ეროვნულმა ბანკმა ყაზახეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

2024 წელს კი გაიმართა სემინარი ფინანსური პროგრამირებისა და პოლიტიკის შესახებ, რომელშიც საქართველოს საჯარო სექტორის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.