თბილისი (GBC) – ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლების, საბაზრო ქცევის ზედამხედველობის განვითარებისა და მომხმარებლებზე მორგებული გარემოს დახვეწის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბაზრო ქცევის ზედამხედველობის სტრატეგიის პროექტი შეიმუშავა.
სების პრეს–ცენტრის ცნობით, სტრატეგიის მიღება ხელს შეუწყობს მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის ხედვაზე, პრიორიტეტებსა და გეგმებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. ასევე, აღნიშნული მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის ეფექტურ დაგეგმვასა და სამომავლო აქტივობებზე ფინანსური ორგანიზაციების ინფორმირებულობის ზრდას.
დოკუმენტი განსაზღვრავს საბაზრო ქცევის ზედამხედველობის პრიორიტეტებსა და ძირითად მიმართულებებს, ასევე, შეფასების ინდიკატორებს და მათი მონიტორინგის პროცესს.
იმისათვის, რომ სტრატეგიაში მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული დაინტერესებულ მხარეთა ინტერესები, საქართველოს ეროვნული ბანკი საბაზრო ქცევის ზედამხედველობის სტრატეგიის პირველად ვერსიას აქვეყნებს. სები ჩართულ მხარეებს აქტიური კომუნიკაციისა და სტრატეგიასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების გაზიარებისკენ მოუწოდებს.
კომენტარებისა და მოსაზრებების გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მისამართზე - mcs@nbg.gov.ge არაუგვიანეს 2025 წლის 4 ივლისისა. განიხილება მხოლოდ წესით განსაზღვრული ფორმით წარმოდგენილი და დასაბუთებული კომენტარები.