თბილისი (GBC) – 27-28 ოქტომბერს საქართველო მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას „თბილისის ფინანსურ სამიტს“ უმასპინძლებს. სამიტზე დასწრების მსურველებმა და მედიის წარმომადგენლებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე -  https://tbilisifinancesummit.gftn.co/register 

წლევანდელი სამიტის მთავარი თემა იქნება „რეგიონული ეკონომიკური კორიდორების შექმნა პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში“.

„თბილისის ფინანსური სამიტი“ საქართველოს ეროვნული ბანკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით ტარდება. სამიტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები, ასევე ფინტექ ინდუსტრიის, ფინანსური სექტორის, საერთაშორისო კომპანიებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები.

ორდღიანი სამიტის ფარგლებში გაიმართება თემატური სესიები, პანელური დისკუსიები, ვორქშოპები და პროფესიული შეხვედრები, სადაც მონაწილეები თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციებსა და რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრებენ. სამიტის მონაწილეები განიხილავენ ისეთ თემებს, როგორებიცაა ქვეყნებს შორის ეკონომიკური და ფინანსური კორიდორების, ასევე ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება, ღია ბანკინგი და ხელოვნური ინტელექტი, საქართველო, როგორც ფინანსური ინოვაციების რეგიონალური პლატფორმა და სხვა.

თბილისის ფინანსურ სამიტზე ასევე დაგეგმილია ჰაკათონის ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს ახალი იდეებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირებასა და განხორციელებას.

სამიტზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება.