თბილისი (GBC) - სებ-ის პრეზიდენტი ჩინეთის ცენტრალური ბანკის (PBoC) და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) მიერ შანხაიში ორგანიზებულ მაღალი დონის საერთაშორისო სიმპოზიუმში „გლობალურ ფინანსურ გაურკვევლობაში ორიენტირება: მიმდინარე პროცესები ფინანსურ ბაზრებზე, საინვესტიციო სტრატეგიები და საერთაშორისო სავალუტო სისტემა“ მთავარი მომხსენებლის სტატუსით გამოვიდა.

სიმპოზიუმში მონაწილეობდნენ მსოფლიოს 30-მდე ცენტრალური ბანკისა და მონეტარული ორგანოს პრეზიდენტები და მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის - საფრანგეთის, გერმანიის, შვეიცარიის, გაერთიანებული სამეფოს, სინგაპურის, ჰონკონგის, ბრაზილიის, არგენტინის, ინდონეზიის, საუდის არაბეთისა და კატარის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები.

მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება ემსახურება მაღალი დონის პლატფორმის შექმნას, სადაც ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები იმსჯელებენ გლობალურ მაკროეკონომიკურ და ფინანსურ პროცესებზე, რეზერვების მართვის თანამედროვე სტრატეგიებზე, საერთაშორისო მონეტარული სისტემის განვითარების პერსპექტივებსა და ფინანსური ბაზრების მიმდინარე და გრძელვადიან ტენდენციებზე.

სიმპოზიუმის პირველ სესიაზე - „გლობალური მაკროეკონომიკური და ფინანსური ბაზრების განვითარება“, ნათია თურნავამ მიმოიხილა საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებები, საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე  გეოპოლიტიკური პროცესების გავლენა და ცენტრალური ბანკების რეზერვების მართვის თანამედროვე გამოწვევები.

სიტყვით გამოსვლისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გლობალური საინვესტიციო გარემო გეოპოლიტიკური დაძაბულობის, სავაჭრო ფრაგმენტაციისა და მაკროეკონომიკური გაურკვევლობის ზრდის ფონზე კიდევ უფრო კომპლექსური ხდება.

„გრძელვადიანმა სავაჭრო დაძაბულობამ, სამხედრო კონფლიქტებმა ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში, ასევე მიწოდების ჯაჭვების გლობალურმა შეფერხებამ მნიშვნელოვნად გაზარდა ბაზრების ცვალებადობა და საინვესტიციო რისკები. დღეს გეოპოლიტიკური მოვლენები უკვე მხოლოდ გარე რისკები აღარ არის - ის ეკონომიკურ ცვლადებად იქცა, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ინფლაციაზე, კაპიტალის ნაკადებზე, სავალუტო კურსებსა და საინვესტიციო სტრატეგიებზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

სების პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება სავალუტო რეზერვების მართვის საკითხს დაუთმო და აღნიშნა, რომ მზარდი გეოპოლიტიკური რისკების პირობებში უსაფრთხოება რეზერვების მართვის უმთავრეს პრიორიტეტად იქცა. მისი შეფასებით, ოქროს მიმზიდველობა გაიზარდა, რადგან რეზერვების მმართველები ეძებენ ისეთ აქტივებს, რომლებიც ნაკლებადაა  დამოკიდებული სუვერენულ და გეოპოლიტიკურ რისკებზე.

მისივე თქმით, მსოფლიოში სარეზერვო პორტფელების დივერსიფიკაციის ტენდენცია თვალსაჩინოა, ასევე შეიმჩნევა აზიური კაპიტალის ბაზრების მზარდი მიმზიდველობა.

მისი თქმით, ცენტრალური ბანკებისთვის რეზერვების მართვის 3 პრინციპია  - უსაფრთხოება, ლიკვიდობა და მომგებიანობა. ბოლო წლებში უსაფრთხოების მნიშვნელობა გაიზარდა. ამიტომაც ცენტრალური ბანკები პორტფელის მდგრადობას აძლიერებენ, დივერსიფიკაციით, როგორც ვალუტის, ისე აქტივების კლასების მიხედვით.

სებ-ის პრეზიდენტმა ოქროში ინვესტიციების პოზიტივზეც აღნიშნა, როგორ გაზარდა საერთაშორისო რეზერვების შემოსავლიანობა. ასევე რეზერვების განთავსებისთვის ბაზრების გეოგრაფიულ და სავალუტო დივერსიფიკაციაზე.  ტრადიციული ბაზრების პარალელურად, აზიური ბაზრების და ვალუტების მიმართ მზარდ ინტერესია.

ნათია თურნავას ამ ვითარებაში რისკების დისციპლინირებული მართვა, თანმიმდევრულობა და მოქნილობა გრძელვადიანი საინვესტიციო წარმატების ყველაზე მნიშვნელოვან განმსაზღვრელ ფაქტორებს შორის ესახება.