თბილისი (GBC) – არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ–დაბიში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ–მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა 4 საათზე მეტია, გრძელდება.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, თავდაპირველად შეხვედრა დელეგაციების მონაწილეობით დაიწყო, რის შემდეგაც ალიევსა და ფაშინიანს შორის პირისპირ ფორმატში გაგრძელდა.
მიმდინარე შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ვრცელდება.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უმაღლეს დონეზე პირდაპირი მოლაპარაკებები, რუსეთის შუამდგომლობის გარეშე პირველად ტარდება (თან, არა რომელიმე გლობალური სამიტის პლატფორმაზე). ანალიტიკოსები ამას სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციების მნიშვნელოვან შესუსტებად აღიქვამენ. თუმცა, დისტანცირებულმა კრემლმა, კერძოდ პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა პირველი განცხადება გააკეთა ალიევ–ფაშინიანის პირისპირ შეხვედრასთან დაკავშირებით და თქვა, რომ „რუსეთი მხარს უჭერს აბუ–დაბიში აზერბაიჯან–სომხეთის მოლაპარაკებებს უმაღლეს დონეზე“.
ექსპერტების აზრით, აბუ–დაბიში მიმდინარე შეხვედრა შესაძლოა ახალი მცდელობა აღმოჩნდეს მხარეებს შორის შეთანხმებისა და ეს რუსეთის შუამავლობის გარეშე მოხდეს.
სომეხი ისტორიკოსი ჟირაირ ლიპარტიანი, რომელიც აზერბაიჯანთან და თურქეთთან შერიგების იდეოლოგია და რომლის აზრსაც სომხეთის ამჟამინდელი მთავრობა ითვალისწინებს, აცხადებს, რომ მიმდინარე შეხვედრაზე მხარეები ორ ქვეყანას შორის კომუნიკაციების გახსნის, საზღვრის დემარკაციის და სხვა აქამდე მოუგვარებელ საკითხებს განიხილავენ.
„ვფიქრობ, დღის წესრიგში იქნება ყველა საკითხი. ეს იქნება თავისუფალი განხილვა, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მხოლოდ ერთ საკითხზე კონცენტრაცია“, – ამბობს ლიპარტიანი BBC-სთან ინტერვიუში.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მტრობა მთიანი ყარაბაღის გამო 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. 2020–2023 წლებში აზერბაიჯანმა ტერიტორიაზე კონტროლი აღადგინა. ყარაბაღელი სომხები სომხეთში გადავიდნენ, ხოლო ერევანმა უარი თქვა ამ რეგიონზე.
თუმცა, ორ ქვეყანას შორის სერიოზული უთანხმოებები ნარჩუნდება. ერთ–ერთია გზის საკითხი, რომელმაც აზერბაიჯანი მის ექსკლავთან, ნახიჩევანთან უნდა დააკავშიროს. სწორედ ეს იქნება აბუ–დაბიში მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი თემა, – მიიჩნევს სომეხი პოლიტოლოგი ტიგრან გრიგორიანი.
ამ გზის, ე.წ. ზანგეზურის დერეფნის გახსნის საკითხი რუსეთის ინტერესებშიც არის, თუმცა მოსკოვს სურს, რომ დერეფანი მისმა სპეცსამსახურებმა გააკონტროლონ – ФСБ-ს სასაზღვრო ჯარებმა. ამაზე ერევანში აცხადებდნენ, რომ ასეთი სცენარი სომხეთის სუვერენიტეტთან წინააღმდეგობაში მოდის და ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი ტვირთები უნდა შემოწმდეს. ფაშინიანი არც რუსეთის ინიციატივას ემხრობა, დერეფნის გაკონტროლების საკითხში.