თბილისი (GBC) - ბაზისბანკი ლიბერთისთან გამსხვილების შემდეგ, საცალო დაკრედიტების ბაზარზე პოზიციებს მნიშვნელოვნად გაიმყარებს.  

მთლიანი საკრედიტო დაბანდებით კი 4.5%-იან წილს 9.5%-მდე გაზრდის. თუმცა მიგრაციის დასრულებამდე ჯერ შორია. იქნებ მანამდე რუხაძემ ლიბერთის საცალო პორტფელის მისაღები კლიენტი იშოვოს.

სებ-ის სქემით, აქციების შეძენის შემდეგ ლიბერთი, არსებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით განაგრძობს მუშაობას, „ბაზისბანკის“ შვილობილის სტატუსით. შერწყმის პროცესი 9-12 თვე გასტანს.

BRG -ის ინფორმაციით, ნახევარწლიური ანგარიშით, ფიზიკურ პირებზე ბაზისბანკს 880 მლნ ლარის 45 170  სესხი აქვს გაცემული (H1/2024 – ₾ 817 მლნ-ის). ლიბერთის კი  2.3 მლრდ ლარის 510 010, მ.შ.  ნახევარზე მეტი (281 320 ერთეული) 0.5 მლრდ ლარამდე პენსიონერებზე.

კონცენტრაციითაც ლიბერთის და ბაზისის პორტფელი განსხვავებულია. ბაზისბანკის საკრედიტო დაბანდების (3.053 მლრდ)  71%  (2.2 მლრდ) იურიდიული პირების დაკრედიტებაზე მოდის. ლიბერთის პორტფელში  (4.03 მლრდ) 60%-მდე (2.3 მლრდ) საცალო სესხებია.

მოსალოდნელ შერწყმამდე, ბაზისბანკი და ლიბერთი, ცალ-ცალკეც გამსხვილდნენ, 3 წლის წინათ, როცა რუსული კაპიტალის ვითიბი დასანქცირდა და მისი აქტივი გაინაწილეს (სესხები და დეპოზიტები). ლიბერთიმ კორპორაციული პორტფელი გაიზარდა, ბაზისბანკმა საცალო.