თბილისი (GBC) - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) განცხადებით, ორგანიზაცია 2025 წლის, 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება. თუმცა, განცხადების თანახმად, ISFED გააგრძელებს მიმდინარე პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების მონიტორინგს და შეფასებას.

"4 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა მორიგი არჩევნები უნდა გაიმართოს. "სამართლიანმა არჩევნებმა" წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებისთვის ქვეყანაში არსებული გარემო და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად საჭირო პირობების არსებობა შეაფასა.

ანგარიშისთვის მნიშვნელოვან გზამკვლევს წარმოადგენდა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის, როგორც ამ გაერთიანებაში გაწევრების კანდიდატი ქვეყნისთვის, წამოყენებული მოთხოვნა, ჩაატაროს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები.

"სამართლიანი არჩევნების" მოსაზრებით, ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსის ის სამი პირობა, რაც მოიცავს ძირითადი უფლებების პატივისცემას, საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობასა და პროცედურული გარანტიების არსებობას, დიდწილად არ არის დაცული, რითაც თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად არის შეზღუდული.

აქედან გამომდინარე, "სამართლიანი არჩევნები" მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება. თუმცა, ორგანიზაცია აგრძელებს მიმდინარე პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების მონიტორინგს და შეფასებას", - ნათქვამია განცხადებაში.