თბილისი (GBC) - TBC Bank Group PLC-ი (TBC PLC) OLX Uzbekistan-ში საკონტროლო პაკეტს ყიდულობს და უზბეკეთში თავისი ციფრულ საბანკო ეკოსისტემას აფართოებს.  ჯგუფი ონლაინ განცხადებების პლატფორმის აქციების წილს OLX Group-ისგან შეიძენს, რომელიც Prosus-ის განცხადებების ბიზნესს წარმოადგენს.

Prosus-თან გაფორმებული შეთანხმების შედეგად, TBC Uzbekistan-ს ექნება წვდომა ახალ მომხმარებელთა სეგმენტებზე OLX UZ-ის მეშვეობით, რომელიც უზბეკეთის მე-6 ყველაზე პოპულარული ვებსაიტია. OLX Uzbekistan-ს ჰყავს 5.4 მილიონი აქტიური მომხმარებელი თვეში და 2.2 მილიონი აქტიური განცხადება, რაც მას ლიდერად აქცევს მომსახურებების, საქონლის, ავტომობილებისა და უძრავი ქონების სეგმენტებში და ემსახურება ქვეყნის ინტერნეტმომხმარებელთა 20%-ზე მეტს.

TBC PLC-ის განცხადებით,  ეს გარიგება მნიშვნელოვანი ეტაპია უზბეკეთის სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური სექტორისთვის და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ M&A გარიგებას ქვეყანაში ბოლო 30 წლის განმავლობაში.

OLX UZ-ის შესაძენად TBC Bank Group-მა Titan Investments-თან ერთად შექმნა ერთობლივი საწარმო (JV) - საერთაშორისო საინვესტიციო ჰოლდინგი, რომელსაც მხარს უჭერენ წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუციური ინვესტორები, საინვესტიციო ფონდები და სუვერენული ფონდი ახლო აღმოსავლეთიდან. ერთობლივი საწარმო შეიძენს OLX Uzbekistan-ის 100%-ს, სადაც TBC Bank Group ფლობს 50% + 1 აქციას, ხოლო Titan Investments-ს ეკუთვნის დარჩენილი წილი.

გარიგება მარეგულირებლის თანხმობის მიღებას ექვემდებარება. TBC Bank Group გეგმავს უკვე მომგებიანი OLX Uzbekistan-ის სრულად ინტეგრირებას TBC Uzbekistan-ის ეკოსისტემაში. ხოლო, OLX Uzbekistan-ი საქმიანობას თავისი ჩამოყალიბებული ბრენდის ქვეშ განაგრძობს.

ჯგუფის განცხადებით, Titan Investments-ის გუნდს გააჩნია ღრმა ექსპერტიზა მაღალი ზრდის ციფრულ კომპანიებში ინვესტირებასა და მასშტაბირებაში, მათ შორის ონლაინ განცხადებების პლატფორმებში. ერთობლივი საწარმო საშუალებას მისცემს ჯგუფს გამოიყენოს Titan-ის გამოცდილება, მაშინ როცა TBC Uzbekistan კონცენტრირდება OLX Uzbekistan-ში ციფრული საბანკო პროდუქტების ინტეგრაციაზე და ახალი პროდუქტების ერთობლივ განვითარებაზე.

TBC PLC-ის თქმით, ეს შესყიდვა დამატებით სინერგიას გააჩენს TBC Uzbekistan-ისთვის, ცენტრალური აზიის ციფრული საბანკო ეკოსისტემისთვის, რომელიც უკვე 21 მილიონ უნიკალურ რეგისტრირებულ მომხმარებელს აღწევს და წარმოადგენს TBC Group-ის სტრატეგიის ნაწილს - მომგებიანი ზრდის გაგრძელების მიმართულებით.

აღნიშნული გარიგება 2025 წლის ივნისში გაფორმებულ შეთანხმებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც TBC Bank Group-მა შეიძინა საკონტროლო პაკეტი BILLZ-ის, საცალო მართვის SaaS პლატფორმაში უზბეკეთში.  
„ჩვენი ეკოსისტემა ითვლის 21 მილიონ უნიკალურ რეგისტრირებულ მომხმარებელს, რაც უზბეკეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტს წარმოადგენს. ჩვენ სწრაფად განვაგრძობთ ზრდას, ვაძლევთ ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობას, მარტივად მოაგვარონ როგორც ფინანსური, ისე ცხოვრებისეული საჭიროებები. OLX Uzbekistan-ის შეძენა ჩვენი გაფართოვებისა და დივერსიფიკაციის სტრატეგიის ლოგიკური გაგრძელებაა: ჩვენ ვამატებთ ახალ მომხმარებლებს, შევდივართ ახალ სეგმენტებში და ვზრდით მომხმარებელთა ჩართულობას“, - აცხადებს TBC Uzbekistan-ის CEO ნიკა ქურდიანი.

TBC Uzbekistan-ის საქმიანობას TBC Digital ჰოლდინგი მართავს რომელიც 80%-ით ეკუთვნის TBC Bank Group-ს, ხოლო 10-10% EBRD-სა და IFC-ს. ამ გარიგებაზე TBC Bank Group-ის ერთადერთ M&A მრჩევლად TBC Capital-ი მოქმედებს.