თბილისი (GBC) - Georgia Capital PLC-ის (GCAP) ცნობით, ჯგუფმა ადრე გამოცხადებული $68 მლნ-იანი აქციათა გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამის დასრულების შემდეგ, 19 აგვისტოს ახალი, $50 მლნ-იანი აქციათა გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამა დაიწყო, რომელიც დირექტორთა საბჭომ 2025 წლის 5 აგვისტოს დაამტკიცა.
პროგრამა ძალაში იქნება ცხრა თვის განმავლობაში. აქციების შესყიდვა ღია ბაზარზე მოხდება, ხოლო სახაზინო აქციების გაუქმება განხორციელდება ყოველთვიურად. გამოსყიდვის მიზანია სააქციო კაპიტალის შემცირება. პროგრამის ფარგლებში, თითო აქციაზე გადახდილი მაქსიმალური ფასი არ გადააჭარბებს ბოლო დაფიქსირებულ NAV per share მაჩვენებელს.
პროგრამა შეესაბამება კომპანიის მიერ 2025 წლის 6 აგვისტოს გამოცხადებულ ₾700 მლნ-ის კაპიტალის დაბრუნების პროგრამას, რომელიც 2027 წლის ბოლომდე გაგრძელდება და მოიცავს კაპიტალის დაბრუნებას (აქციების გამოსყიდვის, დივიდენდების და არსებული $150 მლნ-ის ოდენობის ადგილობრივი ჰოლდინგის ობლიგაციების ვადამდე ადრე დაფარვის გზით).
2025 წლის საერთო კრებაზე (AGM) აქციონერების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში გამოსყიდული აქციების მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 4,620,275 ერთეულს.
პროგრამის მმართველი Numis Securities Limited-ია (Deutsche Numis). დახურული პერიოდების განმავლობაში კომპანიასა და მის დირექტორებს არ ექნებათ ცვლილებების შეტანის უფლება და პროგრამა სრულად განხორციელდება Deutsche Numis-ის დისკრეციით.
შეგახსენებთ, GCAP-ი MSCI UK Small Cap Index-ში შეიყვანეს. ჩართვა 2025 წლის 26 აგვისტოს სავაჭრო დღის დასრულებისას განხორციელდება. MSCI UK Small Cap ინდექსი აერთიანებს ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილ მცირე კაპიტალის მქონე კომპანიებს. „ინდექსში შეყვანა ასახავს კომპანიის ბოლო პერიოდის ძლიერ სავაჭრო შედეგებს, აქციების გაზრდილ სავაჭრო მოცულობებს და Georgia Capital-ის საბაზრო კაპიტალიზაციის $1 მლრდ-ზე მეტ ნიშნულზე ზრდას“, - განაცხადა GCAP-მა.
ცნობისთვის აგვისტოს ანგარიშით, MSCI Global Small Cap Index-ს 194 კომპანია დაემატა, ხოლო 107 გამოვარდა.