თბილისი (GBC) – რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვინც თბილისში განვითარებულ მოვლენებს სპონტანურ პროტესტს უწოდებს, "პირველმა ესროლოს ქვა საკუთარ სარკეს" და დასძინა – ამ აქციების უკან "ყველასთვის გამოცდილი და ნაცნობი ჰოლივუდის ხელი ჩანს".

"მთავარი, რაც პროტესტანტებს არ მოსწონთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონში, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი ცდილობს, რომ ის, რომ ამ კანონს ისინი რუსულ იდეად და არა დასავლური ინიციატივად ხედავენ," - წერს მედვედევი.

ერთი წლის წინ, სხვათა შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, მისი ოფიციალური წარმომადგენლის პრაისის მეშვეობით, განსაკუთრებული კმაყოფილება გამოხატა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ამჟამინდელი კანონის წინა ვერსია გაიწვია, იმის გამო, რომ დოკუმენტი "ევროატლანტიკურ ღირებულებებთან" შეუთავსებელი იყო. კარგი, დიახ, მართალია. ღირებულებები განსხვავებულია. შავი ზღვა არ არის ატლანტიკური, საქართველო არ არის ჯორჯია, მიუხედავად სახელების მსგავსებისა," - დაწერა მედვედევმა Telegram-ზე.

საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ხელმეორედ ინიციირებული კანონპროექტი ოთხშაბათის სხდომაზე პირველი მოსმენით, 83 ხმით მიიღო. ამ გადაწყვეტილებას პარლამენტის შესასვლელთან შეკრებილი აქტივისტები შეძახილებით „რუსებო!“, „მონებო!“, „ვიბრძოლებთ ბოლომდე!“ შეხვდნენ.

პრეზიდენტმა დიპლომატები შეკრიბა

ამ ფონზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები განიხილა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ ისაუბრა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ გზაზე საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ რუსეთის მიზანია ქვეყანაში დესტაბილიზაცია და საზოგადოების დაყოფა, რასაც საქართველოში არ უნდა მიაღწიოს.

„თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის და განაგრძეთ ეს მხარდაჭერა“, - მიმართა ელჩებს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია ასევე ევროპელი ლიდერების მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურება, „რაც თავისთავად მხარდაჭერის გამოხატულებაა“.

პრეზიდენტის განცხადებით, „ქვეყანაში შექმნილ ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია ასევე, რომ არჩევნებზე ხალხმა თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და გააკეთოს არჩევანი.

ევროკავშირის ელჩის განცხცადებით, ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ გზას“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.